The New York Times-ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა შექმნა ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენელთა სპეციალური ჯგუფი – ვეფხვის ჯგუფი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემთხვევაში, შეიმუშავებენ აშშ-სა და მისი მოკავშირეების საპასუხო ქმედებას.
უსაფრთხოების ჯგუფი ასევე განიხილავს საპასუხო ქმედებებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს NATO-ს ტერიტორიაზე დაარტყას უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღების კოლონებს. ამას გარდა, ჯგუფი, რომელიც კვირაში სამჯერ იკრიბება, განიხილავს საპასუხო ქმედებების შესაძლებლობებს, იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გადაწყვეტს ომი მოლდოვასა და საქართველოშიც დაიწყოს. განიხილება ისიც, თუ ასეთ შემთხვევებში, როგორ მიიღებენ ქვეყნებიდან ლტოლვილებს.
სავარაუდოდ, მსგავს შესაძლებლობებს განიხილავენ 24 მარტის NATO-ს სამიტზეც, რომელიც ბრიუსელში ჩატარდება. აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების ლიდერებს დახურულ კარს მიღმა შეხვდება.
როგორც New York Times-ი აღნიშნავს, გასულ თვეში მსგავსი სცენარები მხოლოდ თეორიული იყო, თუმცა ახლა, აშშ და NATO-ში მიაჩნიათ, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ყველაზე ძლიერი იარაღები, რათა თავი დააღწიოს სამხედრო ჩიხს, რომელშიც უკრაინაში მოექცა.
ვეფხვის ჯგუფი შეიქმნა ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის მიერ მემორანდუმზე ხელმოწერით, 28 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 4 დღის შემდეგ. ამის შესახებ NYT-თან საქმის კურსში მყოფი პირები ანონიმურად საუბრობდნენ. ამას გარდა, აქამდეც არსებობდა ჯგუფი, რომელიც აშშ-ს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში საპასუხო ქმედებებს ამზადებდა.
ვეფხვის ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება, არის ის თუ რა შემთხვევაში დაიწყებს NATO სამხედრო მოქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ.
ასევე, შექმნილია კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც განიხილავს აშშ-ს გრძელვადიან შესაძლებლობებს გეოპოლიტიკური პოზიციის გამყარების მხრივ. როგორც NYT-ი წერს, თეთრ სახლში სწამთ, რომ ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრით დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და ეს დააზიანებს რუსეთის პოზიციებსა და ეკონომიკას, ასევე გამოიწვევს მის პოტენციურ მოკავშირეებთან გაუცხოებას. თუმცა, აშშ-ს ზოგიერთი ოფიციალური პირი ფიქრობს, რომ ეს დასკვნა ნაჩქარევია.