ოზურგეთის მერიამ მის მიმდებარედ კაფე ბარის მშენებლობა აღკვეთა – ბიზნესმენი მერს სასამართლოში უჩივის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, თავისი სპეციალური განკარგულებით, ბიზნესმენ ნინო ღლონტთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა, ოდნავ მოგვიანებით კი ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ბიზნესმენის მიერ მშენებლობის დაწყების მიზნით განხორციელებული შემოღობვითი სამუშაოების დემონტაჟი მოახდინა.

როგორც ოზურგეთის მერიის ოფიციალური მიმოწერიდან ხდება ცნობილი, მერია ხელშეკრულების შეწყვეტის ძირითად მიზეზად სუნს ასახელებს.

ასევე მიმოწერიდან ირკვევა – ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სასამართლოზე მერიის წარმომადგენლებმა მერიის ინტერესები არასათანადოდ დაიცვეს – რის გამოც მერიამ იურიდიული სამსახურის თანამშრომლებზე დაიწყო დისციპლინარული მოკვლევა.

ნინო ღლონტის წარმომადგენელი ტოგო ჭელიძე მერიის განკარგულებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ უკანონოს უწოდებს.

მისივე თქმით ასევე უკანონოა დემონტაჟიც, რომელიც ზედამხედველობის სამსახურმა განახორციელა და მხარე აპირებს სასამართლოში ჩივილს.

ტოგო ჭელიძე დარწმუნებულია, რომ ოზურგეთის მერიას, ბიზნესმენისათვის, მინიმუმ, დიდი ოდენობით კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ბიზნესმენმა ნინო ღლონტმა ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასა და სპორტის სასახლეს შორის დაახლოებით 30 კვადრატული მეტრი ფართობი, აღნაგობის უფლებითა და 30 წლიანი იჯარით, ქალაქ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან 2016 წელს მიიღო, თუმცა ოზურგეთისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტების გაერთიანებისა და მას შემდე არჩევნებში გამარჯვებულმა მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ბიზნესმენს მშენებლობის ნებართვა არ მისცა.

ნინო ღლონტმა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა სადაც გაიმარჯვა.

მაშინდელმა მერმა ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ასევე ბიზნესმენმა გაიმარჯვა, ოზურგეთის მერიამ ამის შემდეგ საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საჩივარი არ მიიღო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

სააპელაციო სასამართლომ დაავალდებულა ოზურგეთის მერია გაეცა ბიზნესმენზე მშენებლობის ნებართვა.

მშენებლობის ნებართვა ნინო ღლონტმა გასული წლის დასასრულს მიიღო და მიმდინარე თვის დასაწყისში კაფეს მშენებლობას შეუდგა.

გთავაზობთ მაკეტს.

 

თუმცა მშენებლობის დაწყებისთანავე ოზურგეთის მერმა გამოსცა განკარგულება ოზურგეთის მერიასა და ბიზნესმენ ნინო ღლონტს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

ამ ხელშეკრულების გამოცემიდან ერთ სააში კი ზედამხედველობის სამსახურმა დემონტაჟი განახორციელა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share