სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ვერ დაწყნარდება და ვერ ჩამოყალიბდება ეროვნული ერთობა – ამბობს დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
სტრასბურგის სასამართლომ მესამე პრეზიდენტის სარჩელი დღეს დასაშვებად ცნო
ვაშაძემ კიდევ ერთხელ მიმართა, საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი
“ხელისუფლებას ყოველთვის ჰყავს დაქირავებული ადვოკატები. ეს დისკუსია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოზე, ჩხირკედელაობაა. სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ვერ დაწყნარდება და ვერ ჩამოყალიბდება ის ეროვნული ერთობა, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ კარს მომდგარ გამოწვევებს გავუმკლავდეთ ჩვენ.”- ამბობს გრიგოლ ვაშაძე
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ, სამთავრობო ტელეკომპანიის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ დააანონსა, რასაც მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას გამოხმაურება მოჰყვა – იუსტიციის სამინისტროს და მდინარაძეს მოგიწევთ განმარტებების გაკეთება, საიდან იცით წინასწარ სტრასბურგის სასამართლო რას და როგორ იზამს – წერს გვარამია.
ქართულ ოცნებაში ამ ყველაფერზე ამტკიცებენ, რომ მდინარაძემ “უბრალოდ ვარაუდი გამოთქვა”