ვინ არის 31 წლის დიზაინერი ოზურგეთიდან, რომელიც ქალებს საკუთარი შესაძლებლობების მიგნებასა და განვითარებაში ეხმარება

31 წლის ია თავდიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში ცხოვრობს. მას მეუღლე და სამი შვილი ყავს. კერვა სულ რამდენიმე წელია რაც დაიწყო. ოზურგეთში ატელიე გახსნა და ბავშვების ხაზით კერვა დაიწყო, მისი ბიზნესი, მალევე ძალიან წარმატებულ საქმიანობად იქცა.

 

No description available.

 

– როდის დაინტერესდით კერვით და რატომ?

 

– 18 წლის გავთხოვდი, სამი შვილი გავაჩინე და 7-8 წელი მათ აღზრდას მოვანდომე, როცა ბავშვები წამოიზარდნენ, მომინდა ჩემი ბიზნესი მქონოდა, ისე დაემთხვა დედაჩემი სამტრედიაში ცხოვრობს, ცნობილი დიზაინერია, მან გამომიგზავნა თავისი შეკერილი საბავშვო ზეიმებისთვის განკუთვნილი სამოსი, გააქირავე და შენი საქმე დაიწყე, იქნებ დაინტერესდეო. ისე მალე მოვახერხე ხალხთან კომუნიკაცია, ყველაფერი გავაქირავე და მივხვდი, ძალიან მოთხოვნადი იყო საბავშვო ტანსაცმელი. გავიქეცი დედაჩემთან კერვის შესასწავლად, ძალიან კარგად გამომივიდა, მალევე დავბრუნდი და ატელიე გავხსენი ოზურგეთში, დავიწყე მხოლოდ ბავშვის ხაზის ტანსაცმლიე კერვა, თან პარალელურად ვსწავლობდი, ძალიან წარმატებული გამოდგა ჩემი ბიზნესი. ამ დროს გავიცანი ერთი გოგო, ანა მასლოვა, რომელმაც სოციალური მედიისა და პროგრამირების ტრენინგის სარეგისტრაციო ბმული გამომიგზავნა და მითხრა, იქნებ, დაგაინტერესოს, შენი ბიზნესისთვისაც კარგი იქნებაო. მისი ძალიან მადლობელი ვარ, რადგან ჩემით ამ ინფორმაციას ვერასდროს ვიპოვიდი – დღე და ღამე საკერავ მანქანასთან ვიჯექი, ვჭრიდი და ვკერავდი. სარეგისტრაცო ფორმა შევავსე, გავაგზავნე და უარი მომივიდა. გული კი დამწყდა, მაგრამ ვიფიქრე, ჩემი ბედი არ ყოფილა-მეთქი. რამდენიმე დღეში პროექტის ტრენერმა, ხათუნა რუსიეშვილმა დამირეკა, ერთი მონაწილე ვერ ახერხებს დასწრებას, რეზერვში იყავით და თუ სურვილი გაქვთ, მოდითო. მეუღლემ მითხრა – „თუ რამე გინდა გააკეთე, მე შენ გვერდით ვარ.“ ოთხ თვიანი ტრენინგი იყო, ბავშვები მეუღლემ და მამამთილმა დაიტოვეს, ჩემი სამკერვალო საქმე დედაჩემს გადავაბარე და მთელი სული და გული მიუძღვენი ამ საქმეს.

 

No description available.

 

ჩემი ბიზნესისვის ფეისბუკ გვერდი გავაკეთე, ვისწავლე რეკლამირება, ავტომოპასუხის ჩართვა, პარამეტრების გასწორება და ა.შ.

ტრენინგების დასრულების შემდეგაც სასწაულები მოხდა – ვიცოდით, რომ ტრენინგის დასრულების შემდეგ, სერტიფიკატი უნდა აგვეღო, მერე სტაჟირებაც დაგვიმატეს. იმ ორმოც საუკეთესო მონაწილეს შორის მოვხვდი, რომლებმაც ძალიან კარგ კომპანიებში გავიარეთ სტაჟირება. მე “ლინგვინგში” მოვხვდი, რომელიც ძალიან ინოვაციური და პერსპექტიული კომპანიაა, საოცრად თბილი გუნდით. აქ სტაჟირება სოციალური მედიის განხრით გავიარე. სტაჟირება რომ დასრულდა, მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, გული ძალიან მწყდება, რომ გემშვიდობებით-მეთქი. არ გვემშვიდობები, ჩვენთან რჩებიო, მითხრეს. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე მოხდებოდა, როგორც წესი, კომპანიებს ურჩევნიათ, რომ თანამშრომელი ადგილზე ჰყავდეთ, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია, აქ ვმუშაობ.

 

No description available.

 

სტაჟირება რომ დასრულდა, გვითხრეს, რომ სამი საუკეთესო მონაწილე, ლისაბონში, ვებ სამიტზე წავიდოდა. ეს იყო ყველაზე დიდი ტექნოლოგიური სამიტი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ესწრებოდნენ სხვადასხვა კომპანიების IT წარმომადგენლები. ამ სამეულშიც მოვხვდი და ამას ჩემით მივაღწიე, შრომა დამიფასდა. ლისაბონში საოცარი რვა დღე გავატარეთ, სად არ ვიყავით – ტექნოლოგიური მუზეუმი ვნახეთ, უახლესი გამოგონებები… ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარეთ. ყველა შანსი გამოვიყენეთ, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა, კავშირები, ცოდნა შევიძინეთ. ასევე, დავესწარი ანა ვაინერის მიერ ჩატარებულ ვორკშოფს “I am remarkable”. ეს ვოკშოფი იმდენად მომეწონა, რომ ჩამოვედი, ონლაინ ტრენინგი გავიარე და ფასილიტატორი გავხდი. ლისაბონიდან რომ ჩამოვედი, ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე.ეს ყველაზე მაგარი შეგრძნებაა.

რაც ბიზნეს გვერდი გავაკეთე, ჩემი შემოსავალი სამჯერ გაიზარდა, იქამდე თუ მხოლოდ ოზურგეთს ვემსახურებოდი, უკვე სხვადასხვა კუთხეებიდანაც მაქვს შეკვეთები.

 

No description available.

 

ერთი პერიოდი კომპლექსი მქონდა, რომ უნივერსიტეტი არ მქონდა დამთავრებული და უდიპლომო ვიყავი. მერე მივხვდი, რომ ეს ქაღალდი არაფერს ნიშნავს. მთავარია, მუდმივად გინდოდეს, რომ ისწავლო. საკუთარ თავს რომ იმ სფეროში აღმოაჩენ, მანამდე რომ ვერ წარმოგედგინა, ძალიან დიდი ბედნიერებაა. გოგოებს ვურჩევ, რომ არ დანებდნენ, თუ რამე არ გამოუვათ, კიდევ სცადონ.

 

– ოჯახზე მომიყევით და იმ წლებზე როცა სახლში იყავით და ბავშვებს ზრდიდით?

 

– გამიმართლა, არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს, დედამთილი ამერიკაშია და იქიდან გვეხმარება, მამამთილი საუკეთესო ადამიანია, ყველანაირად გვერდში გვიდგას, მშვიდად ვარ თუ ჩემი შვილები მასთან არიან. მეუღლე სულ ფიქრობს, რომ მთავარია მე მუდმივად ვვითარდებოდე და დასახული მიზნებისკენ მივდიოდე. უფროსი შვილი უკვე 11 წლისაა, ყველანაირად მეხმარებიან შვილები და ხელს მიწყობენ.

 

No description available.

 

წლების წინ საბერძნეთში რამდენიმე წლით ვიცხოვრეთ, ჩემი დედამთილი ბერძენია და ჩვენც ჩავედით, საბუთები გვჭირდებოდა და მოგვიწია დარჩენა. არ მინდოდა სახლში ჯდომა და ერთ ოჯახში კიბეებს ვასუფთავებდი, 20 ევროს მიხდიდნენ, მაგრამ ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც შენი შრომით ფულს შოულობ და ასევე მნიშვნელოვანია როდესაც სხვადასხვა ხალხს ხვდები და მათთან კომუნიკაციაში შედიხარ. მერე დავბრუნდით ისევ საქართველოში და აღარსად ვაპირებთ წასვლას.

 

– თავისუფალ დროს როგორ ერთობი?

 

– ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ როდესაც ვახერხებ, ძალიან მიყვარს ბაიკით სეირნობა. ჩემი მეუღლე ბაიკერია. როდესაც დრო გამომითავისუფლდება ყოველთვის ვცდილობ ჩემს ოჯახთან ვიყო.

 

No description available.

 

– სამომავლო გეგმებზე რას მეტყვით?

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველას შეგვეცვალა გეგმები, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ყველანი დავიწყებთ ჩვენი გეგმების უკეთ განხორციელებას.

 

No description available.

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share