EU-ს ქვეყნები გაზის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ – საქართველოს უფლება მიეცა, დასავლეთს შეუერთდეს

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, ერთობლივად შეიძინონ და შეინახონ გაზი, წყალბადი და თხევადი ბუნებრივი აირი რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ამავდროულად ევროპელების ენერგეტიკული ხარჯებისგან დასაცავად – ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება პარასკევს გამოაცხადეს.

ევროკავშირის სახელმწიფოებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, გაერთიანდნენ და ერთობლივად აწარმოონ მოლაპარაკებები გაზის შესყიდვაზე, გაზარდონ თავიანთი სავაჭრო მოლაპარაკებების ძალა ენერგიის ფასებზე გავლენის მოხდენის მიზნით. აღსანიშნავია, რომ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მიეცათ ნებართვა, რომ გაზის კოლექტიურ შემსყიდველებს შეუერთდნენ. 

NYT-ის სტატიაში წერია, რომ ამ გზით ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ, გიზიარონ გაზი იმგვარად, რომ ევროპა მზად იყოს მომავალი ზამთრისთვის. ევროპელმა ლიდერებმა ასევე მხარი დაუჭირეს ევროკომისიის წინადადებას, რომ მათი მიწისქვეშა საწყობების 80% შეივსოს ნოემბრისთვის და 90% 2023 წლისთვის, რაც მოითხოვს მასობრივ შესყიდვებს უახლოეს თვეებში.

ევროკომისიაში ამბობენ, რომ ეს იქნება დიდი ნახტომი შენახვის ამჟამინდელი დონეებიდან, რადგან გაზის მარაგი ახლა დაახლოებით 25%-ია.

“ჩვენ ახლა გამოვიყენებთ ჩვენს კოლექტიური მოლაპარაკების ძალას. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს კონკურენცია გავუწიოთ და უფრო მაღალი ფასი შევთავაზოთ, ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს მოთხოვნას. მაგრამ ცხარე, გაჭიანურებული დებატები ბლოკის რუსული იმპორტისგან თავის დაღწევის გზებზე, ხაზს უსვამდა რამდენად საკამათოა ენერგეტიკული პოლიტიკა ევროკავშირის წევრებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანობაში ბლოკი დიდად არის დამოკიდებული რუსეთზე – რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის ბუნებრივი აირის თითქმის 40%-ს და ნედლი ნავთობის 25%-ზე მეტს – ცალკეული ქვეყნების ენერგეტიკული ხედვები და ინტერესები ძალიან განსხვავდება”, – განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share