„უცნაურია ბაიდენისგან ბრალდებების მოსმენა პუტინის წინააღმდეგ, რომელიც იუგოსლავიის დაბომბვისა და ხალხის მკვლელობის მოწოდებით გამოდიოდა“, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დღეს, ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას.
მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ყასაბი“ უწოდა.
პესკოვის განცხადებით, შტატების პრეზიდენტის პირადი შეურაცხყოფა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ავიწროვებს შესაძლებლობის ფანჯარას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.
„რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე, ასეთი პირადი შეურაცხყოფა ავიწროებს შესაძლებლობის ფანჯარას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს“, – განუცხადა პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს.