ბიარიცი , საფრანგეთის კურორტი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ის დიდი ხანია პოპულარულია რუსულ ელიტაში. აქ რუსეთის იმპერატორები და მწერლები ისვენებდნენ, აქვე, ფრანგულ მედიას თუ დავეყრდნობით, სულ მცირე, სამი ვილაა, რომლებიც შესაძლოა ვლადიმირ პუტინს უკავშირდებოდეს.
ვილა „სუზანა“ არტურ ოჩერეტნოვზე არის გაფორმებული, ის ლუდმილა პუტინას ახალი ქმარი უნდა იყოს. რიუ დე ლა ფრეგატზე მდებარე ვილა, რომელიც ოდესღაც იგორ სტრავინსკის ეკუთვნოდა (რადიო Europe 1, საფრანგეთის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ვლადიმირ პუტინმა ის ჯერ კიდევ 1996 წელს შეიძინა) და ვილა „ალტა მსოფლიო“, ის ადრე პუტინის ქალიშვილის, ეკატერინა ტიხონოვასი იყო, ახლა კი მის ყოფილ ქმარზე, კირილ შამალოვზეა გაფორმებული.
გასულ კვირას შამალოვის ვილაში სამი აქტივისტი შეიჭრა. მათ საკეტები გამოცვალეს და უკრაინელი ხიზნების მისაღებად მოემზადნენ. მერე გულმა არ მოუთმინათ და ინტერნეტში ვიდეო გამოდეს, სადაც აივანზე აფრიალებული უკრაინის დროშა ჩანს. „გამარჯვება ბიარიცში, საფრანგეთი. პუტინის სასახლე აღებულია“, – დაწერეს მათ.
„გამარჯვებულებს“ შორის არიან: ფრანგი პიერ ხაფნერი, ბელარუსის მოქალაქე სერგეი საველიევი, მან საფრანგეთში ჩამოიტანა არქივი, სადაც ასახულია, როგორ აწამებდა ხალხს რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური; ასევე რუსი ვიაჩესლავ კრივონოსენკო, მხარდამჭერი ალექსეი ნავალნისა და ვიაჩესლავ მალცევის (რუსეთში აკრძალული მოძრაობის „არტმომზადების“ თავმჯდომარე). ის რუსეთიდან საფრანგეთში გამოიქცა.
სანამ ხიზნები გამოჩნდებოდნენ, ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეო მსოფლიომ ნახა. ხაფნერი და საველიევი პოლიციამ დააკავა. სხვის სახლში შეჭრის გამო მათ ძალზე მსუბუქი სასჯელი დაუწესეს, გაფრთხილება.
”გვინდოდა, იქ უკრაინელი ხიზნები შეგვესახლებინა. ეს რომ გამოგვსვლოდა, ვერანაირი პოლიცია ვერ გაბედავდა მათ იქიდან გამოყრას. დღე-დღეზე ველოდებოდით ქალებს და ბავშვებს. მაგრამ ვიჩქარეთ და ინტერნეტში ვიდეო გამოვაქვეყნეთ. ეტყობა, ვილის პატრონებმა იცნეს და პოლიციას შეატყობინეს. ახლა ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ გამოვა, თუ ბევრი ხალხი შეიყრება და მიტინგს მოაწყობენ. მაგრამ სანამ არავინ გამოდის, საზოგადოებრივი აზრი ჩვენ წინააღმდეგაა. ჩვენი ოპერაცია ჩაფლავდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პატარა, ვირტუალური გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ: პუტინის სასახლეზე აფრიალებული უკრაინული დროშის ფოტო მთელ მსოფიოში გავრცელდა. ასე ვაჩვენეთ, რომ პუტინს წინააღმდეგობას უწევენ. ამით რუსეთის ოპოზიცია გავამხნევეთ, რომელსაც პოლიცია ომის საწინააღმდეგო პიკეტების გამო აკავებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინელებს, რომლებიც საკუთარ სამშობლოს იცავენ.
ამ ნეოიმპერიალიზმს უნდა მოვუგრიხოთ კისერი. არის ხალხი, რომელიც დროზე ცვლის მანქანას, სხვები უცდიან, სანამ ბოლომდე არ დაიშლება. ხალხის, ერების შემთხვევაშიც ასეა. მასშტაბური ცვლილებებისთვის კრახი და ომია საჭირო, სრული განადგურება, რომ მერე ნამსხვრევებისგან რაღაც ახალი შეაკოწიწო. მგონია, რუსეთის ფედერაციას ეს მალე დაემართება. ამ ტერიტორიაზე თავის დროზე ჯერ ოქროს ურდო დაიშალა, შემდეგ რუსეთის იმპერია, შემდეგ სსრკ. რუსეთის ფედერაციაც აუცილებლად დაიშლება და მხოლოდ იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ მის რომელიღაც ნაწილში დემოკრატიული წყობა ჩამოყალიბდება და შემდეგ სხვა ახალ სახელმწიფოებზეც გავრცელდება.” – ამბობს პიერ ხაფნერი რადიო თავოსუფლებსთან ინტერვიუში.
რადიო თავისუფლება