არასდროს მითქვამს, რომ ხელისუფლება პრორუსულია, ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს – გრიგოლ ვაშაძე

არასდროს მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია – მუდმივად ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება პრორუსული არ არის, მაგრამ ამავე დროს, არც ევროინტეგრაციისკენ მიისწრაფვის.

ოპოზიციონერის განცხადებით, „3-4 სკამზე ერთდროულად ჯდომა, არ გამოვა”.

“არასდროს მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება არის პრორუსული. ეს ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს. პრორუსული ნიშნავს, რომ მითითებებს ასრულებ და თუ პრაქტიკულ ნაბიჯებს ნახავ, აღმოჩნდება, რომ იმ რუსული მოთხოვნებიდან, რომელიც კრემლის ბინადრებს საქართველოს მიმართ აქვთ, არცერთ ნაბიჯი არ გადადგმულა. სხვა საქმე არის, რომ ევროპულიც არ არის, რადგან, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოდიხარ, იმიტომ რომ ვიღაცამ ხელი არ მოაწერა, როდესაც ამ რეფორმების გატარებაზე უარს ამბობ, ეს არის სრული კატასტროფა. სხვათა შორის, ახლა მე რასაც გეუბნებით, ეს არის ის შეფასება, რაც ჩვენს მოკავშირეებს აქვთ.

ხელისუფლების პოზიცია არის: არ გავაღიზიანოთ რუსეთი, ვეცადოთ მაქსიმალურად თავშეკავებულად მოვიქცეთ რუსეთთან. ამავე დროს, გავაგრძელოთ ის, რაც ევროკავშირს, ნატოს შეეხება. არავითარ შემთხვევაში არ გავუხსნათ რუსეთს საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი, არავითარ შემთხვევაში არ შევანელოთ დასავლეთისკენ ჩვენი სვლა, მაგრამ დასავლეთისკენ სვლა, იმის გარეშე, რასაც მოკავშირეები გთხოვენ და გეუბნებიან, რომ ეს სპეციფიკურად შენ მიმართ წამოყენებული მოთხოვნები კი არ არის, ეს ის მოთხოვნებია, რითაც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის ყველა სახელმწიფო შევიდა ევროკავშირში… ამიტომ ასე 3-4 სკამზე ერთდროულად დაჯდომა ნამდვილად არ გამოვა”, – განაცხადა ვაშაძემ.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share