საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმის მცხოვრებლებს მიმართავს და მოუწოდებს, მე-4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს კანდიდატად მათე ფუტკარაძეს დაუჭირონ მხარი.
“მინდა მივმართო მე-4 ოლქის, გონიო, კვარიათის, ადლია, აეროპორტის, ანგისის, კახაბერის და აღმაშენებლის დასახლების მაცხოვრებლებსა და ამომრჩევლებს – მხარი დაუჭირეთ მათე ფუტკარაძეს ბათუმის მე-4 ოლქში, არ გაყიდოთ თქვენი ხმები! ამ არჩევნებზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
საქართველოში, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ჩვენ და მეც ძალიან ვისურვებდით, ეს პროცესი დაიწყოს ჩემთვის ძალიან საყვარელი თემიდან. მანდ ძალიან ბევრს ვიცნობ, ბევრ ოჯახში ვარ ნამყოფი და ვიცი, რა კარგი ხალხი ხართ, თქვენი იმედი მაქვს. მიხეილ სააკაშვილი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, ამ არჩევნებით გადაწყდება ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა. მათე ფუტკარაძე “ნაციონალური მოძრაობის” გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილია.
ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ში ამბობენ, რომ მან ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო და ნერვიულობის ნიადაგზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რითაც დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა.