ცნობილმა ოზურგეთელმა ექიმმა, ირინა გოგუაძემ უკრაინული ოჯახი შეიფარა.
რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ქვეყნიდან ლტოლვილებად ქცეული სემენიუკების ოჯახი ქალაქ პოლტავადანაა.
პოლტავა რუსეთის საზღვრის სიახლოვეს უკრაინაში ხარკოვის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქია.
დედა, ლენა სემენიუკი, 7 წლის ვაჟი ალექსეი სემენიუკი და მათი ოჯახის ახლობელი ალინა ზლივკო გოგუაძეების ოჯახში უკვე მეათე დღეა ცხოვრობენ:
” ჩემი მეუღლე ახლა იარაღით ხელში მამამთილთან და მამაჩემთან ერთად ოკუპანტებისაგან სამშობლოს იცავს, ალექსეის (მეუღლე) მოთხოვნა იყო, რომ თავშესაფარი აუცილებლად საქართველოში მეპოვა, რაც შევასრულეთ კიდეც, პოლტავადან მასირებული დაბომბვების ქვეშ ლვოვამდე ძლივს ჩავაღწიეთ, შემდეგ უკრაინა პოლონეთის საზღვარი, კატოვიცე-ვარშვა და თბილისი. ბედნიერი ვარ რომ ქართულ ოჯახში, მითუმეტეს ისეთ ბრწყინვალე ადამიანთან მოვხვდი, როგორიც ქალბატონი ირინაა” – გვეუბნება ლენა სემენიუკი.
“როცა მირეკავენ ჰგონიათ რომ უკრაინული ოჯახი სასტუმროში დავაბინავე (ირინა გოგუაძე ქალაქ ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ოჯახურ სასტუმროს ფლობს), თუმცა არა, როგორ შეიძლება როცა ოჯახი მაქვს ისინი სასტუმროში გავუშვა, ბავშვს და ამ ადამიანებს ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ოჯახური გარემო და ყოველდღიური, უბრალო, ადამიანური სითბო სჭირდებათ” – ამბობს ქალბატონი ირინა.
7 წლის ოლექსეის მოსაწყენად მართლაც არ სცალია, ის ყოველდღიურად, ირინა ექიმის 4 შვილიშვილთან ერთად ატარებს დროს, თამაშობს, ერთობა და რა თქმა უნდა სწავლობს.
თუმცა ბავშვები მაინც, ქალბატონი ირინას რძლის, თამარ თავზარაშვილისა და ვაჟის ნიკოლოზ სურგულაძის განსაკუთრებული ყურადღების ქვეში არიან.
ელენესა და ალინა ზლივკოს ძირითადი ყურადღება რა თქმა უნდა უკრაინისკენაა, ისინი ახალ ამბებს როგორც ქართული, ასევე უკრაინული მედიიდან ეცნობიან და ფრონტის ხაზზთანაც უშუალო კონტაქტი აქვთ.
სადაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ლენას მეუღლე და ახლობლები იბრძვიან, ალინა ზლივკო კი ოდნავ მორიდებულად გვიმხელს, რომ იარაღით ხელში ახლა უკრაინას მისი შეყვარებულიც იცავს.
რუსეთი უკრაინაში გასული თვის 24 თებერვალს შეიჭრა.
ვინაიდან საოკუპაციო ძალებმა ვერანაირი წინსვლა ვერ მოახერხეს და უშუალო ბრძოლებში უკრაინულ არმიასა და მოხალისეებთან მძიმე მარცხს განიცდიან, ოკუპანტები მშვიდობიანი მოსახლეობის საარტილერიო, სარაკეტო დაბომბვაზე გადავიდნენ და ძირითადად საავიაციო შეტევებისას მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავენ.
რამაც ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ასზე მეტი ბავშვის სიკვდილი გამოიწვია.
სამ მილიონზე მეტი უკრაინელი კი ლტოლვილად აქცია.
ძირითადად ლტოლვილები პოლონეთში, სლოვაკეთსა და მოლდოვაში არიან.
საქართველოს ხელისუფლების გაუგებარი პოზიციის გამო, ჩვენს ქვეყანაში, უკრაინიდან ლტოლვილთა მინიმალური რაოდენობაა.