მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ქალაქის ალყაში მოქცევიდან დღემდე, 27 დღის განმავლობაში, 5 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 210 ბავშვია, დაახლოებით 170 000 მოქალაქე კი კვლავ ალყაში რჩება.
მისივე თქმით, 30 ათასი ადამიანი იძულებით გაიყვანეს რუსეთის ან ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე.
“140 ათასმა მოახერხა ქალაქის დატოვება ალყის დაწყებამდე, კიდევ 150 ათასმა მოახერხა ევაკუაცია ბლოკადის დაწყების შემდეგ. ქალაქში შენობების 90% დაზიანებულია. მთლიანად განადგურდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების 40%”, – ამბობს ქალაქის მერი.
ბოიჩენკოს თქმით, დაზიანდა შვიდი საავადმყოფო, საიდანაც სამი მთლიანად განადგურდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან მარიუპოლი მათი უპირველესი სამიზნე იყო მისი სტრატეგიული პორტის გამო. ქალაქი უწყვეტი დაბომბვის მსხვერპლი გახდა.