„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას გაიხსენა 1990-იანი წლების დასაწყისი. მისი შეფასებით, მოქმედი ხელისუფლება გამოირჩევა რაციონალური მოქმედებით.
„როცა პოლიტიკაზეა საუბარი, იქ მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ გვახსოვს „გაბედული“, „თამამი“ გადაწყვეტილებები 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. თქვენ გახსოვთ, მაგალითად, ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ, როგორ დაიწყო მეორე დღეს სამოქალაქო ომი, ორ წელიწადში, როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80% და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით. ეს 3-წლიანი ისტორია არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა თუ კონკრეტულ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებებმა, რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოს. ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული 1990-იან წლებში, მომდევნო დეკადაში, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „პოსტივის” ეთერში და დაამატა, – ჩვენ, რომ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის არა შემთხვევითობა, არა გამართლება „ქართული ოცნებისთვის, არამედ ეს არის ჩვენი კონკრეტული პოლიტიკის, პრაგმატული, რაციონალური, კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი. არსებითად და არსობრივად განსხვავდება წინა ხელისუფლებების პოლიტიკისგან. რაციონალური პოლიტიკით ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მაქიმალურად დავიცავით ჩვენი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა. სწორედ, ამის შედეგია, რომ ჩვენ არ გვქონია ომი მთელი ამ ხნის, გასული 9 წლის განმავლობაში. ეს მონაპოვარი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ”.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დააზუსტა, რას მიიჩნევს მმართველი პარტიის მონაპოვრად: „სტაბილურობა, უსაფრთხოება, რაც არის ჩვენი მონაპოვარი, თავისუფლებასთან ერთად, ეს უნდა შევინარჩუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე”.
„ნაციონალური მოძრაობის მისამართით კი კობახიძემ განაცხადა: „ჩვენ მათ ვერ შევყვებით ისეთ ნაბიჯებში, როგორმა ნაბიჯებმაც ჩვენს ქვეყანას წინა ხელისუფლების პირობებში შედეგად მოუტანა ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა”.