სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ვერის ბაღში შეიკრიბნენ და მსვლელობას გამართეს.
სამოქალაქო აქტივისტები ყველა იმ სახელმწიფო უწყებას გაივლიან, რომელიც მათი თქმით, დამნაშავეა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ. ისინი მსვლელობას გამართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, თბილისის საკრებულოსთან და საქართველოს პარლამენტთან.
სამოქალაქო აქტივისტები აქციით სოლიდარობას უცხადებენ გიორგი რურუას და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ციხეში მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ქვეყნის ერთგული მოქალაქეები არიან:
“ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები. გიორგი რურუა, მელაშვილი, ილიჩოვა, დღეს ასევე პროცესია კობალაძე-ხუსკივაძის.
საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ გიორგი რურუა არის პოლიტიკური პატიმარი, ეს აღიარებულია, როგორც ევროპის მიერ, ისე ამერიკის მიერ.
ხელისუფლება არის სირაქლემას პოზაში და ჯიუტად ცდილობს, რომ გაავრცელოს ნარატივი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, მაგრამ რეალურად, ეს ადამიანები ციხეში არიან მხოლოდ იმიტომ, რომ არიან თავისი ქვეყნის ერთგული მოქალაქეები და მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა”,-აცხადებს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ისინი აქციებს მანამ გამართავენ, სანამ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებენ.
მსვლელობის დასრულების შემდეგ აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბებიან, სადაც დღეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის საქმეზე, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის სასამართლოპ პროცესი არის ჩანიშნული.