აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტში საქართველოსთვის $126 მლნ–ს დახმარებაა გათვალისწინებული

გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის 126 მილიონი დოლარის დახმარებაა გათვალისწინებული. ამ თანხის ძირითადი ნაწილი – 88 მილიონი დოლარი საქართველოში რეფორმების ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის დაიხარჯება. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის კი აშშ 25 მილიონ დოლარს დახარჯავს.

“აშშ-ს დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ განვითარებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციას, ისევე როგორც წინააღმდეგობის გაწევის მდგრადობის გაზრდას კრემლის მავნე გავლენის მიმართ. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის გაძლიერებას და კანონის უზენაესობას; მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლისთვის; გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების პროცესის ძალისხმევას, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში,”- წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

2023 წლისთვის აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის ასე ნაწილდება:

• ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დახმარება საქართველოსთვის(AEECA) – $88,025,000
• საგარეო სამხედრო დაფინანსება – $25,000,000
• გლობალური ჯანდაცვის პროგრამები USAID (GHP-USAID) – $5,000,000
• საერთაშორისო ნარკოვაჭრობის საწინააღმდეგო და სამართალდამცავი ორგანოები (INCLE) – $4,400,000
• საერთაშორისო სამხედრო განათლება და სწავლება (IMET) – $1,750,000
• ანტიტერორისტული, განაღმვითი და მასთან დაკავშირებული პროგრამები (NADR) – $1,100,000
• ანტიტერორიზმი, განაღმვითი და სხვა პროგრამები (NADR) – $1,000,000.

bm.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share