უილ სმიტმა კრის როკს საჯაროდ ბოდიში მოუხადა ოსკარის დაჯილდოებაზე მომხდარი ინდიცენტის გამო და დაწერა, რომ მისი მოქმედება ემოციებით იყო განპირობებული.
ოსკაროსანმა მსახიობმა განცხადება Instagram-ზე გამოაქვეყნა.
“ნებისმიერი ფორმის ძალადობა მომწამვლელი და დამანგრეველია. ჩემი საქციელი გასული ღამის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე იყო მიუღებელი და დაუშვებელი. ხუმრობები სამსახურის ნაწილია, მაგრამ ხუმრობა ჯადას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩემთვის ზედმეტი იყო და ემოციურად ვიმოქმედე.
მსურს, რომ საჯაროდ მოგიხადო ბოდიში, კრის. ზღვარი გადავკვეთე და არასწორი ვიყავი. მე მრცხვენია და ჩემი ქცევები არ შეესაბამებოდა იმ კაცისას, ვინც მინდა რომ ვიყო. სიყვარულისა და სიკეთის სამყაროში ძალადობის ადგილი არ არის”, – წერს ის.
ამასთან ერთად, მან ბოდიში მოუხადა კინოაკადემიას, დაჯილდოებაზე დამსწრეებსა და ყველა ადამიანს, ვინც შოუს თვალს ადევნებდა.
გუშინ, 28 მარტს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა.
სცენაზე კატეგორიის წარსადგენად გამოსული კრის როკი, რამდენიმე ვარსკვლავს გაეხუმრა. კომიკოსმა იხუმრა უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობაზე. პინკეტ-სმიტი ბოლო პერიოდში თავს იპარსავს, ვინაიდან ალოპეცია(თმის ცვენა) სჭირს. უილ სმიტი სცენაზე ავიდა და ხუმრობის ავტორს სილა გაარტყა.