როცა საქართველო თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გვერდით დაუდგეს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მისამართით?! – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის რადას დეპუტატებისა და უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებას, რომლებიც, სუბარის თქმით, ე.წ. „ომის პარტიის“ წაქეზებით საქართველოს მეორე ფრონტის ხაზის გახსნისკენ მოუწოდებენ.
როგორც სუბარმა აღნიშნა, ქართული „ომის პარტია“ განსაკუთრებული პრივილეგიებითა და მხარდაჭერით სარგებლობს უკრაინის ხელისუფლებაში, არწმუნებს მათ, რომ შესაძლებელია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანა.
„უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წუთებიდან საქართველოში გააქტიურდა, ე.წ. „ომის პარტია“, რომლის მიზანია, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. სამწუხაროდ, ამ „ომის პარტიას“ ჩვენს საზღვრებს მიღმაც ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. სწორედ ამას ნიშნავს, როდესაც პირდაპირი ტექსტებით მოგვიწოდებენ, რომ რუსეთი დასუსტდა და ახლა დადგა დრო, როდესაც საქართველომ დაკარგული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს. რომ სასწრაფოდ, სწორედ ამ ცხელ დღეებში, უნდა დავიწყოთ გამალებული შეიარაღება. ან კიდევ, რომ სპეციალური თვითმფრინავებით უნდა გავუშვათ შეიარაღებული მოხალისეები უკრაინის მხარდასაჭერად და ა.შ. და როდესაც ჩვენ მტკიცედ და არაორაზროვნად ვიმეორებთ, რომ უკრაინისადმი ურღვევი მხარდაჭერის პარალელურად საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, ეს იწვევს შეურაცხმყოფელ განცხადებებს და თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ. „ომის პარტიის“ წარმომადგენელი ქართველი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების არაერთი განცხადების ციტირებას აღარ მოვახდენ აქ, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ სრულიად მიუღებელია, როცა მეგობარი ქვეყნის პოლიტიკოსები თუ მაღალი თანამდებობის მქონე პირები პირდაპირი ტექსტით მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ. გუშინ გამოქვეყნდა უკრაინის რადას დეპუტატის, ვოლოდიმირ ვიატროვიჩის შემდეგი მოწოდება. „ჩემო მეგობარო ქართველებო, რუსეთი ახლა ისეა დასუსტებული, როგორც არასდროს. გამოიყენეთ ეს უპირატესობა და ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს“. კიდევ ერთი დღით ადრე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ფრონტების გახსნა უკრაინას დიდად დაეხმარებოდა, რადგან რუსებს ექნებოდათ რაიმე საქმე, გარდა უკრაინის განადგურებისა და ბავშვების მკვლელობისა“. ამ განცხადებას აბსოლუტურად მიუღებელი შეფასებაც მოაყოლა, რომ საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა. მეც ძალიან რბილად ვიტყვი, რომ მეგობარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები ძალიან არამეგობრული და მიუღებელია. ასევე, აბსოლუტურად არაკორექტული და მიუღებელია, როდესაც მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლაევი საქართველოს ქმედებებს სამარცხვინოს უწოდებს. ყოველივე ამის ფონზე ჩნდება კითხვა, როცა საქართველო თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გვერდით დაუდგეს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ხაზგასმით ვიტყვი, აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მისამართით?! გასაგებია, რატომაც! ქართული „ომის პარტია“ განსაკუთრებული პრივილეგიებითა და მხარდაჭერით სარგებლობს უკრაინის ხელისუფლებაში, არწმუნებს მათ, რომ შესაძლებელია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანა.
აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე ლაპარაკს და არც ვინმესთვის პასუხის გაცემას ვაპირებ, უბრალოდ მინდ კიდევ ერთხელ ყველას გასაგონად და განსაკუთრებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების გასაგონად ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე და მკაფიოდ გამოხატული ნება არის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობაზე გადის. ეს არის პოლიტიკა, რომლიდან გადახვევას ჩვენი ქვეყანა არ აპირებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებიც, აფხაზიც, ოსიც და ნებისმიერი ეროვნების მოქალაქეც უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენ არ ველოდებით ხელსაყრელ მომენტს, როცა იარაღით შევეცდებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ეკონომიკურად წარმატებულ, დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება მათთვის უფრო მომგებიანია. უნდა დარწმუნდნენ, რომ საქართველოა ის ქვეყანა, სადაც ყველაზე წარმატებულად შეუძლიათ თავიანთი თვითმყოფადობა შეინარჩუნონ, საკუთარი კულტურა განავითარონ და საკუთარი შვილების მომავალი უზრუნველყონ. სწორედ ეს არის ქვეყნის გამთლიანების ერთადერთი გზა და საქართველო ამ გზიდან არასდროს გადაუხვევს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა