უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან ცალკეული შენაერთები გაიყვანა და აღმოსავლეთით, სლობოჟანსკის და დონეცკის რაიონებისკენ აჯგუფებს:
რუსეთი ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას და მათ ნაწილობრივ გაყვანას ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
ჩრდილოეთის მიმართულებით ვითარება უცვლელი რჩება. მტერი აგრძელებს ჩერნიგოვის ბლოკადას, ცეცხლს უხსნის სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს. ბროვარის მიმართულებით ცდილობს შეინარჩუნოს ადრე დაკავებული პოზიციები და თავიდან აიცილოს ჩვენი ჯარების შემდგომი წინსვლა.
სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერმა განაგრძო ხარკოვის ბლოკადა, გადაისროლა არმიის ნაწილი სუმის რეგიონიდან უკრაინის ფარგლებს გარეთ და განაგრძო ჯარების გადაჯგუფება მათი სხვა მიმართულებით გადაყვანის მიზნით” ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
ისევ სახიფათო რჩება ვითარება ჩერნობილის დახურულ ზონაში. ტერიტორიას ოკუპანტები საბრძოლო მასალის გადაზიდვისა და დაგროვებისთვის, ასევე რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტების განლაგებისთვის იყენებენ, რაც საფრთხისშემცველია. გენშტაბი წერს, რომ მაღალია რუსული საბრძოლო მასალის აფეთქების რისკი ოკუპანტების მხრიდან უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფისა და მათი უხარისხო საბრძოლო მასალის გათვალისწინებით.
მტერი დასუსტებულია, დეზორიენტირებულია, მისი დიდი ნაწილი მოწყვეტილია ლოგისტიკისგან და აგრძელებს დანაკარგებს – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.