წალენჯიხის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელსა და კიდევ 9 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის განცხადებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 9 პირს ბრალდება წარუდგინეს.

ერთ-ერთი მათგანი პარტია “საქართველოსთვის” წევრი, გელა აბულაძე, როელიც 28 მარტს დააკავეს.

“დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გ.ა. დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მისი ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დახმარება სთხოვა.

მერის წარმომადგენელმა შეთანხმებისამებრ  გასცა ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც გ.ა.-მ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა მისმა ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ერთი დღის ინტერვალით მიმართეს საჯარო რეესტრს და უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით ქონება. კერძოდ, წალენჯიხის საკრებულოს წევრის დედამ – 9.858 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკრებულოს წევრის დამ – 11.145 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ბიძაშვილებმა – ორი მიწის ნაკვეთი, თითოეული 12.500 -12.500 კვ.მ. იმავე პერიოდში, გ.ა.-სთან  დასაქმებულმა და მისი ნდობით აღჭურვილმა პირებმა დაირეგისტრირეს  54.080 კვ.მ.ფართობის-5 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ნაწილი საკრებულოს წევრმა მალევე, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის  შპს „ლეგის“ სახელზე გადაიფორმა და სწორედ ამ კომპანიის სარგებლობაში მოექცა სახელმწიფოსგან თაღლითურად მიტაცებული მიწები”, – წერია განცხადებაში.

პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს წევრის და მერის წარმომადგენლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, ასევე, სხვა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share