ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია რიას ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 2022 წლის 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება.

რუსულ სამთავრობო მედიასთან ამის შესახებ მარიონეტული თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის სპიკერმა ისაუბრა.

მისი თქმით, რეფერენდუმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების, ანუ 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება, როცა დასრულებული იქნება ყველა აუცილებელი პროცედურა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. კონსტიტუციის მიხედვით, მას შემდეგ, რაც მარიონეტი პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას რეფერენდუმის დანიშნვასთან დაკავშირებით, 3 თვის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი, შესაძლოა, ნებისმიერ დასვენების დღეს დაინიშნოს.

“სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ” – თქვა აქამდე ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი.

“უახლეს ისტორიაში რუსული სამყაროს პირველი აღორძინება, გაგება, რომ არის ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია, მოხდა აქ, სამხრეთ ოსეთში, 2008 წელს, როცა რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეცვა ოსი ხალხი და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამის გამო რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის ყოველთვის მადლიერი ვიქნებით.

ძმებო და დებო, მადლობა. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობის გარანტიები და განვითარების შესაძლებლობა მისცა.

თუმცა, ოსი ხალხის, გაყოფილი ხალხის მთავარი ისტორიული, სტრატეგიული მიზანი ერთ სახელმწიფოში გაერთიანებაა. ეს სახელმწიფო რუსეთის ფედერაციაა. ჩვენმა ხალხმა არაერთხელ დაისახა ეს მიზანი, ჩვენ  2014 წელს გვქონდა შესაძლებლობა, აგვესრულებინა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ოცნება, როცა ყირიმი მშობლიურ ნავსადგურს დაუბრუნდა. მაშინ ხელიდან გავუშვით ჩვენი შანსი, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ.

მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანი, ჩვენი გზა, ხალხის მისწრაფებაა. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ ზომებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი”. – თქვა მარიონეტმა სეპარატისტმა ლიდერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share