31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი დღეს 83 წლის გახდებოდა. საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა.
გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციის, რომელიც 9 აპრილის სისხლიანი დარბევით დასრულდა, რის შემდეგაც, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს.
მოგვიანებით მან შექმნა პოლიტიკური ბლოკი “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. ბლოკმა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა. საქართველოს
რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე კი ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა.
სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, აღადგინეს სახელმწიფო ატრიბუტიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი. დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი 1991-1992 წლებში იყო. 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს ის და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 1994 წლის თებერვალში ის გროზნოში გადაასვენეს და დაკრძალეს. 2007 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდიას ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადმოასვენეს.