საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაანონსებულ ე.წ. რეფერენდუმს და წერს, რომ საქართველო ამ დიდი საფრთხის წინაშე ახლა, მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი:
“ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა.
შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენ” წერს მიხეილ სააკაშვილი
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთი სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან შესაერთებლად”. ცნობილია ისიც, რომ ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების “რეფერენდუმი” 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება.