„ბათუმელებთან“ საუბარში უკრაინაში მცხოვრები ბერი, ნექტარიოს მჭედლიძე ამბობს, რომ მარიუპოლში დაღუპული ადამიანების დასაფლავება ვერ ხერხდება.
“იმდენად წარმოუდგენელი მდგომარეობაა, რომ ზოგს აივანზე ჰყავს თავისი მიცვალებული გამოყვანილი, რომ არ გაფუჭდეს ცხედარი და ან ცხოველებმა არ შეჭამოს. ყველა სკვერი მიცვალებულებით არის გადავსებული. ახლა იმაზეც დარდობენ, როცა დათბება, შესაძლოა ქალაქში ეპიდემიამაც იფეთქოს“, – ამბობს ბერი, რომელიც ამჟამად უკრაინის ქალაქ რივნეში იმყოფება.
“ძალიან არაადამიანურად იქცევიან რუსები. არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვია, მოხუცი თუ ქალი, ისინი სადისტებივით ექცევიან მშვიდობიან მოსახლეობას. მათთან არც სიყვარულია და არც ღმერთი. მათი რელიგია დამყარებულია ძალაუფლებაზე. მათი გზები ძალაუფლებასთან მიდის არა ღმერთთან. ღმერთს კავშირი მაგ ქვეყანასთან არა მგონია, რომ ჰქონდეს”, – ამბობს ბერი.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.