პრორუსული პარტიის შემომწირველებს შორის სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულებიც არიან

პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” შემომწირველთა რაოდენობა იზრდება. ანტიკორუფციული მოძრაობის კვლევა აჩვენებს, რომ შემომწირველთა შორის არიან როგორც ყოფილი საჯარო მოხელეები, ასევე მეწარმეები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებს იგებენ.

შემომწირველთა შორის ერთს მოქმედი ხელშეკრულება აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

„კონსერვატიულ მოძრაობას“ დაარსებიდან 5 აპრილამდე 93 035 ლარი აქვს მიღებული 96 შემომწირველისგან – შემომწირველთა შორის ყველაზე გულუხვი ზეზვა ჩანქსელიანია 8 000 ლარით. ის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველიც იყო 2018 წელს. ზეზვა ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოქმედი მოადგილის – მურადი ჩანქსელიანის ძმაა. მის სახელზე რეგისტრირებულია რამდენიმე კომპანია, ერთ-ერთ მათგანს შპს „კოლხიდმშენ 2011“-ს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტენდერი აქვს მოგებული 2015 წელს, რომლის ღირებულებაც 182 075 ლარს შეადგენს.

პრორუსული პარტიების შემომწირველებიდან სახელმწიფო ტენდერებს იგებს გია გოთუაც. მან „კონსერვატიულ მოძრაობას” 750 ლარი 17 მარტს შესწირა. გოთუა საჯარო რეესტრის მიხედვით სამ კომპანიასთან არის დაკავშირებული. ის არის შპს „ივერია 7“-ისა და „ივერია 77“-ის დირექტორი და მეწილე, ასევე ლანჩხუთის საზოგადოებრივი დარბაზის დირექტორი.

გია გოთუას კომპანიებს 2012 წლიდან დღემდე 10 მილიონ ლარზე მეტის სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული. მისი კომპანიის, “ივერია 7”-ის კონტრაქტორები არიან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს ფოსტა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიები.

პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის” შემომწირველს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ისეთ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთანაც სუს-ი გრიფით საიდუმლო კონტრაქტს აფორმებს და რომელსაც თან უნდა ახლდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა. ტენდერის გამარჯვებული, სუს-ის ერთ-ერთ შენობაში სარემონტო სამუშაოების შესრულების უფლებას იღებს.

საიდუმლო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვის ქონაა კიდევ ერთი სახელმწიფო შესყიდვის მოთხოვნა მონაწილეებისთვის, რომლის მოგებითაც ასევე დაინტერესებული იყო „ივერია7” – ესაა 2017 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თითქმის ერთმილიონიანი ღირებულების ტენდერი. ამავე უწყების იმავე პირობების მქონე სხვა ტენდერში გია გოთუას კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო 2017 წელს.

სახელმწიფო ტენდერებს იგებს „კონსერვატიული მოძრაობის” კიდევ ერთი შემომწირველის, გიორგი სეთურიძის კომპანია შპს „ჯეოინჟინირინგი“. კომპანიას, სადაც სეთურიძე 14,3% წილს ფლობს, 2013 წლის შემდეგ მილიონამდე ლარი აქვს მიღებული სახელმწიფო ტენდერებიდან. ამ კომპანიას ეკუთვნის 2014 წელს ნამახვანის ჰესის პროექტის განვითარების ფარგლებში გეოტექნიკური კვლევაც, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 300 000 ლარი დაუჯდა. გიორგი სეთურიძემ პრორუსულ პარტიას 2 მარტს 50 ლარი შესწირა. ესაა ყველაზე მწირი შემოწირულება, რომელიც პარტიას ამ დრომდე აქვს მიღებული.

„ჩვენი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ პრორუსული პარტიის შემომწირველებს შორის არიან საჯარო მოხელეები ან მოქმედი საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები. შემომწირველები გასული 4 წლის განმავლობაში ასევე ჩართული იყვნენ საარჩევნო პროცესებში და საარჩევნო კომისიებში წარმოადგენდნენ “ქართულ ოცნებას”. ამ ადამიანების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისთვის სასარგებლო პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებით არის დაკავებული, გარდა იმისა, რომ გულშემატკივრობენ პარტიას, რომელიც ამართლებს რუსულ სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელმა, ლაშა ფარულავამ. კვლევა პრორუსული პარტიის შემომწირველების შესახებ სწორედ მან ჩაატარა. ის თვლის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე უნდა ზრუნავდეს და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შემცირებაზე მუშაობდეს, აძლიერებს პრორუსულად მოაზროვნე ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას, რასაც მათ მიერ მოგებული ტენდერების რაოდენობაც ადასტურებს.

ანტიკორუფციული მოძრაობის კვლევის მიხედვით, გასულ წლებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო კომისიებში პრორუსული პარტიის შემომწირველებიდან ჩართულები იყვნენ:

  • ნიკა ქომეთიანი. რომელიც 2020-21 წლებში ჯერ ცაგერის საოლქო, შემდეგ კი საუბნო კომისიის წევრი იყო პარტია „ქართული ოცნების“ სახელით. ქომეთიანი 2018 წელს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთობის“ თავმჯდომარე იყო, მან „კონსერვატიულ მოძრაობას“ 1 250 ლარი შესწირა.
  • ალექსანდრე ბენდელიანი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიაში იყო პარტია „ქართული ოცნების“ კომისიის წევრი. მან „კონსერვატიულ მოძრაობას“ 1 250 ლარი შესწირა.
  • არსენ ფოფხაძე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი უბნის წევრი იყო და წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“. მან პრორუსულ პარტიას 500 ლარი შესწირა.

„კონსერვატიული მოძრაობა“ ოფისებს ხსნის რეგიონებში – რიგ ქალაქებში სამოქალაქო პროტესტის ფონზე, რიგ ქალაქებში კი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობებში. თანხები, რომელიც შემოწირულების სახით აქვს პარტიას დეკლარირებული, ათობით ოფისის შესანახად საკმარისი არ არის – ხარჯების შესახებ პარტიას დეკლარაცია აუდიტის სამსახურისთვის ამ დრომდე არ აქვს წარდგენილი.

„კონსერვატიული მოძრაობის“ შემომწირველთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, 2022 წელს უჩვეულოდ მცირეა მმართველი პარტიის შემომწირველთა რაოდენობა. 5 აპრილის ჩათვლით „ქართულ ოცნებას” მხოლოდ 5 შემომწირველი ჰყავს. მათგან ერთი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილია. მან პარტიას 10 000 ლარი გადაურიცხა. მმართველ პარტიას 1 აპრილს 50 000 ლარი შესწირა ირაკლი შატაკიშვილმა. ის 2 აპრილის რიგგარეშე არჩევნებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „ქართული ოცნების” სახელით რუსთავში და, წინასწარი მონაცემებით, ხმების 90% მიიღო.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share