მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა საბერძნეთის დედაქალაქში თბილისის დროით 3 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ქართველმა ემიგრანტებმა შეკრება რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. დასწრების მსურველებისნ დიდი რაოდენობის გამო, დარბაზში ხალხი ვერ დაეტია და შეხვედრის დასრულებას ქართველი ემიგრანტები გარეთ ელოდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებთან ვრცლად ისაუბრა იმ გეგმებსა და სტრატეგიაზე, რომელსაც ის მხარდამჭერებს და ამომრჩეველს სთავაზობს.
“გიყვართ საქართველო? გინდათ რომ საქართველო იყოს ერთ- ერთ ყველაზე გამორჩეული ქვეყანა მსოფლიოში?- მიდით და მიეცით ხმა არჩევნებზე” – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებს
მიხეილ სააკაშვილი იმ პროვოკაციასაც გამოეხმაურა, რომელის შენობაში შესვლის წინ მოხდა:
მაფრთხილებდნენ რომ არ ჩამოვსულიყავი, საზღვარზე არ გამოგვატარებდნენ, საჩივრები დაწერეს თითქოს, მაგრამ მე აქ ჩამომიყვანა მხოლოდ ერთმა გრძნობა. მათ არ უნდოდათ რომ ჩამოვსულიყავი იმიტომ რომ მათ ამოძრავებთ შიში და სიძულვილი, მე მამოძრავებს სიყვარული, ამიტომ შეუპოვრობა და გამბედაობა, როცა საქმე ეხება სიყვარულს. ზუსტად ვიცი, რომ სიძულვილით ქვეყნები არ აშენებულა, შიშით ქვეყნები არ აშენებულა, სიყვარულით ჩვენ ავაშენეთ ის, რაც ვაშენეთ საქართველოში ამდენი წელი – მიმართა მესამე პრეზიდენტმა ემიგრანტებს.
ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშვილს პროვოკატორები დახვდნენ და მასზე თავდასხმა სცადეს. დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე თავად გაავრცელა ინფორმაცია. მესამე პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გუშინ, 10 ოქტომბერს დაწერა, რომ “ქართული ოცნება” საბერძნეთის დედაქალაქში პროვოკაციას გეგმავდა.
გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ლაშა შუშანაშვილმა, რომელიც დიდი ხანია, ათენში ცხოვრობს, 200-დე პროვოკატორი შეკრიბა და “კანონიერ ქურდად” კურთხევას დაპირდა ყველას, ვინც სააკაშვილს ათენში დაარტყამს.
თუმცა, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, შუშანაშვილმა ეს ბრალდება უარყო.