ევროკავშირის გადაწყვეტილება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება – ქვეყანაში ცივილიზებული დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის არ არსებობს, ერთპიროვნული მმართველობაა. ერთპიროვნული მმართველობის ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის წერილის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ბურჯანაძე განმარტავს, ევროკავშირმა კარგად იცის, რომ საქართველოში კანონი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ორი სამართალი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს წერილს, რომელსაც უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა ხელი მოაწერა საქართველოში საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელმა, მათ შორის, ჩემი ხელმოწერაც იყო ამ დოკუმენტზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი რანგის ევროკავშირის წარმომადგენელი გამოეხმაურა, მით უფრო, როდესაც აღნიშნავს, რომ ეს პასუხი მან გამოგვიგზავნა ურსულა ფონ დერ ლეიენის და შარლ მიშელის თხოვნის საფუძველზე. წერილში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება, ხაზგასმით იყო ჩვენი თხოვნა, რომ დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის განხილვა.
ვინც ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს კარგად გვესმის, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. როგორიც არ უნდა იყოს ოპოზიციის განწყობა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტია ხელისუფლების მოქმედება ამ გზაზე. ხელისუფლებას ნათლად მიეთითა, რომ ამ გადაწყვეტილების დაჩქარების მთავარი წინაპირობა არის კანონის უზენაესობა, ელემენტარული, ცივილიზებული დიალოგის ჩამოყალიბება პარტიებს შორის, რაც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის საფუძველია.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბორელმა განაცხადა, რომ ისინი რჩებიან საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ერთგულნი. შემდგომი გაღრმავება არ არის პირდაპირი მინიშნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის განპირობებული იმ კითხვის ნიშნებით, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოში დემოკრატიის დონესთან დაკავშირებით. პირდაპირ მიგვითითებენ, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იმაზე ლაპარაკობს, რომ ევროკავშირმა კარგად იცის, საქართველოში კანონი არ არსებობს, არსებობს ორი სამართალი. ერთი სამართალი ბიძინა ივანიშვილის და მისი მომხრეებისთვის და აქტივისტებისთვის, მეორე სამართალი დანარჩენი საქართველოსთვის. ბუნებრივია, ასეთ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ ექნება, სანამ ეს ხარვეზი არ აღმოიფხვრება. როდესაც გვეუბნებიან, რომ ქვეყნის შიგნით პარტიებს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია, ამ ფონზე ხელისუფლება აკეთებს განცხადებას, რომ საერთოდ არ აპირებს რაიმე ტიპის თანამშრომლობას და ინიციატივების განხილვასაც კი, როგორიც არ უნდა იყოს, თუ ის ოპოზიციის მხრიდან წამოსული იქნება. ეს პირდაპირ ლაპარაკობს, რომ ქვეყანაში ცივილიზებული დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის არ არსებობს, ერთპიროვნული მმართველობაა. ერთპიროვნული მმართველობის ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს“,- აღნიშნავს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყანაში არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება და მრავალპარტიული კოალიცია მოვიდეს, რომელიც შეძლებს ოპონენტებთან საუბარს.
„მოქალაქეებს ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯი ნამდვილად იქნება ევროკავშირის გზაზე გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ თუ საქართველო არ განახორციელებს რეფორმებს, თუ ხელისუფლება კანონის უზენაესობას პატივს არ სცემს, თუ ხელისუფლება არ დაიწყებს მრავალპარტიულ თანამშრომლობას, როგორც ევროპული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, მაშინ ჩვენი ევროპული ორიენტაცია დარჩება ორიენტაციად, ჩვენ ევროკავშირის წევრობა უახლოეს ხანებში არ გვეღირსება.
ასევე, მოსახლეობას ისიც უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შეთანხმების ეფექტური განხორციელება ტყუილად არ ყოფილა ნახსენები ბორელის წინადადებაში. ესეც დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე.
სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება რაიმე ნაბიჯებს გადადგამს იმ მიმართულებით, რა მიმართულებებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპული სახელმწიფო იყოს.
ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ პირდაპირ გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები ევროკავშირიდან, რომ საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ევროკავშირის წევრი, თუ ის დააკმაყოფილებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაწესებულ სტანდარტებს, ოღონდ ამ სტანდარტებს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერ დავაკმაყოფილებთ.
ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აქვს, რომ რაიმე შეცვალოს. ხელისუფლებისთვის მთავარი არის არა საქართველოს წინსვლა და ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლების დღევანდელი წარმომადგენლებისთვის ნებისმიერ ფასად ძალაუფლების შენარჩუნება, პირველ რიგში ივანიშვილის ინტერესების განხორციელება.
ეს ხელს გვიშლის ქვეყნის ნორმალურ განვითარებაში, არამარტო ევროკავშირის მიმართულებით, არამედ ნორმალური ქვეყნის ჩამოყალიბებაში. ჩემთვის ნათელია, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება ჩქარა ქვეყანაში არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება, მრავალპარტიული კოალიცია მოვიდეს, რომელიც შეძლებს ერთმანეთთან და ოპონენტებთან საუბარს. შეძლებს იმას, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს. მხოლოდ ეს არის გამოსავალი ამ გზაზე და ეს სრულად ნათლად იკითხება ამ წერილში“,- აღნიშნავს ბურჯანაძე.
ცნობისთვის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს დღეს საპასუხო წერილი გამოუგზავნა, რომელიც საზოგადოებას სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრმა“ გააცნო. როგორც ჯოზეფ ბორელის მიერ ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოსა და მისი მოქალაქეების სასარგებლოდ.
„სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრმა“ და „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა“ ჯოზეფ ბორელს წერილით მარტში მიმართეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას ეხებოდა. წერილს ხელს აწერდნენ საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.