“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტისთვის მზად არიან, თუმცა ამისთვის წინაპირობები არსებობს.
კობახიძის მტკიცებით, უკრაინის მხრიდან საქართველოს “სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი ნაბიჯები გადაიდგა”, რაც მისი თქმით, უკავშირდება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას, როგორც კობახიძე ამბობს, უკრაინა “დღემდე დემარშის მდგომარეობაში რჩება”. ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, კონტრაბანდაზე გაკეთებული განცხადებისთვის, უკრაინას შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.
კობახიძის თქმით, ცრუ ბრალდებების სათავე კი არის, რომ საქართველოში “რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან”.
“დღევანდელ შეკრებაზე ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი. ჩვენ გავახმოვანეთ უკვე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები განახორციელებენ ვიზიტს უკრაინაში. რაც შეეხება შემადგენლობას, მოგვიანებით გახდება ცნობილი, ამაზეც იყო წინასწარი კონსულტაციები.
ასევე მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, არსებობს, თუმცა აქ არის მკაფიო წინაპირობები და ეს ყველამ ვიცით რას უკავშირდება”,-თქვა ირაკლი კობახიძემ.