“მე არასდროს გავიწევი უკან, თქვენ, ეტყობა, არ იცნობთ სააკაშვილს” – მესამე პრეზიდენტი ე.წ. კანონიერ ქურდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ათენში, ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ნაწილს ჩაეხუტა და ძალიან მალე ჩაეხუტება სრულიად საქართველოს.

მიხეილ სააკაშვილს ემიგრანტებმა ათენში პომპეზური დახვედრა მოუწყვეს. ხალხი მას დარბაზში შესვლამდეც ესალმებოდა და დარბაზშიც ოვაციებით დახვდა. მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად მოსულებმა ადგილიდან გააძევეს პროვოკატორი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მიახლოებას ცდილობდა და აგრესიით გამოირჩეოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის, ათენში მცხოვრები ლაშა შუშანაშვილის დავალებით, რომელიც, თავის მხრივ, “ქართული ოცნების” ვერტიკალთან იყო შეთანხმებული, დაიქირავეს 200-დე პროვოკატორი, რომლებსაც დებოში უნდა აეტეხათ და შეხვედრა ჩაეშალათ, ამას გარდა, შუშანაშვილი “კანონიერ ქურდად” კურთხევას დაპირდა ყველას, ვინც სააკაშვილს დაარტყამდა.

“ქართულ ოცნებას” ძალადობის გარდა, სხვა გზა არ დარჩენია, მაგრამ არც ეს გამოუვიდათ, შეხვედრის დაწყებამდე ზურგიდან მოპარვით სცადეს ჩემზე თავდასხმა, მაგრამ საბერძნეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და თავდამსხმელები გაიქცნენ, მე არასდროს არ გავიწევი უკან, თქვენ, ეტყობა, არ იცნობთ მიხეილ სააკაშვილს”, – მიმართა “ქურდული სამყაროს” წარმომადგენლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეხვედრაზე.

მოგვიანებით, “მთავარ არხს” დაუკავშირდა ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი და განაცხადა, რომ ათენში მომხდარი ინციდენტი შუშანაშვილს არც დაუგეგმავს, არც არანაირი დაპირება გაუცია და დღეს მომხდარ ინციდენტთან შეხება არა აქვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share