უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს, ნიკა შანავას და დავით მენაბდიშვილს კვირას, 17 აპრილს დაკრძალავენ. ორივე მათგანი საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაიკრძალება.
მებრძოლები სამშობლოში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს. აეროპორტში ქართველი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.
21 წლის ნიკა შანავა ორხევში, მის საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. ხვალ მას ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. რაც შეეხება 49 წლის დავით მენაბდიშვილს, ის რუსთავში, სიონის ტაძარშია დასვენებული.
მენაბდიშვილი და შანავა 9 აპრილს, ხარკოვის ქალაქ იზიუმში ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს. მარიუპოლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება კი ისევ ვერ ხერხდება.