უნდა გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე, რათა მივაღწიოთ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარიამ სამთავრობო პროგრამის საკვანძო თავზე ისაუბრა, რომელიც არის საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება და ადამიანის უფლებები.
უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს მიწის ოკუპაციაზე, ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებზე, მათ რესურსზე, მათი განვითარების შესაძლებლობაზე. ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ დარგში, ეკონომიკიდან დაწყებული, კულტურით გაგრძელებული, ჩვენი ქვეყანა დღეს არის შეზღუდული განვითარებაში, სწორედ იმ 20 პროცენტით, რომლითაც საქართველოს მიწა ოკუპირებულია. ამიტომ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ნებისმიერი ფორმატი, ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებისთვის მიღებული, ორმხრივი, მრავალმხრივი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობით არის ის ფორმატები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ძირითადი და მთავარი მიზნის მისაღწევად, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. პირველ რიგში, ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიას, რამეთუ, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ელემენტარული, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტი გავაჩინოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობენ“, – განაცხადა გახარიამ.