“ბოლო დღეების განმავლობაში დავიკელი 12 კგ…მე რაც არ უნდა მომივიდეს…ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე პირადად ისაუბრა სასამართლო დარბაზში. მესამე პრეზიდენტის განცხადებით, კვირას ფეხებში კონტროლი დაკარგა, ბოლო დღეებში დაიკლო 12 კგ და ახლაც იმ კონდიციაშია, რაც შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში იყო. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესი “ბლეფი” იყო და იქიდან ის უარესი მდგომარეობით გამოწერეს:

“გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი. რეფიდინგის პროგრამა, კვების აღდგენის პროგრამა სრულად ჩავარდა. ახლა წონით ვარ იგივე წინაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ე.ი დავიკელი სადღაც 12 კგ ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. ალბათ ამან გამოიწვია, თუ რამ გამოიწვია, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, ეს იწვევს ძლიერ ტკივილებს ფეხებში და ხელებში, ამის მოხსნა ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება. რაც შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ის, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და რამდენადაც მითხრეს ექიმებმა, რომ სიტუაცია მძიმეა.

გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა. იქიდან უარესი მდგომარეობით დავბრუნდი, ბევრი გაგებით, ვიდრე მიმიყვანეს. რა თქმა უნდა ეს საპატიმრო საერთოდ არაა მორგებული სამკურნალოდ, თუმცა მადლობელი ვარ იქაური ექიმების, რაც შეუძლიათ აკეთებენ. მადლობელი ვარ, აქ ვინც მომყვა ექიმის, გამომიყვანა მდგომარეობიდან, ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას, რომ არა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი.

მე რაც არ უნდა მომივიდეს, მინდა ყველამ იცოდეს, ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ, მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს. ვიცი რაზეც მივდიოდი და მაინც მინდოდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში მეცადა, რომ საქართველო გადაგვერჩინა, როგორ გამომივიდა, ამას ხალხი განსაზღვრავს და ისტორია განსჯის” თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აქვს მუდმივი ზოგადი სისუსტე და იღებს იგივე წამლებს, რასაც ციხეში მოხვედრამდე იღებდა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი სასამართლო სხდომის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და ექიმების დახმარება დასჭირდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share