ერთი დღე არჩევნების დასრულებამდე. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არჩევანს ორ კანდიდატს შორის აკეთებენ. სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ ვინ იქნება პარტიის მომავალი თავმჯდომარე.
კენჭისყრაში ორი კანდიდატი მონაწილეობს – ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. ისინი კი პოლიტსაბჭომ ასევე ხმათა უმრავლესობით შეარჩია. ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა – ნიკა მელიას 65%, ლევან ვარშალომიძეს კი 35% აქვს.
ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თავმჯდომარეს ამ ფორმით აირჩევენ.
პარტიის ლიდერების შეფასებით, ეს არის ყველაზე დემოკრატიული პროცესი, რადგან მასში არა მხოლოდ პარტიის წევრები მონაწილეობენ, არამედ არჩევანს მხარდამჭერებიც აკეთებენ.
იმისათვის რომ სასურველ კანდიდატს ხმა მისცეს მოქალაქემ, პარტიის ფეისბუქ გვერდზე უნდა შევიდეს. გადავიდეს იქ მითითებულ ლინკზე და ჯგუფში გაწევრიანდეს. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მას შესაძლებლობა არჩევანი ელექტრონულად გააკეთოს.
იმისათვის, რომ პროცესი სრულად გამჭვირვალე იყოს, ხმის მიცემას 4 კაციანი ჯგუფი აკონტროლებს, თითოეული კანდიდატის გვერდს 2 სპეციალისტი.
მას შემდეგ რაც ეს სისტემა ამუშავდა, ტექნიკურმა ჯგუფმა, ვინც პროცესს აკონტროლებს ბოტებისა და ტროლების შეღწევის მცდელობა გამოავლინა, თუმცა მალევე შეძლეს მათი გაფილტვრა.
ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც თანამდებობა სამწლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ დატოვა.
ვინ იქნება მისი შემცვლელი და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ახალი ხელმძღვანელი ეს ხვალ საღამოს გაირკვევა.
ელექტრონული არჩევნების დასრულებამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. ხმის მიცემა 21 დეკემბერს დაიწყო და ხვალ საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება.
ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულ კანდიდატს თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებენ.