„გასაქცევად საქმე ვისაც ჰქონდა, იმათ მოიკითხონ. ჩვენ არც გვირაბები გვჭირდება და არც გასაქცევად გვაქვს საქმე. არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ძალიან დიდი უპირატესობით იმარჯვებს“,- ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს.
მისი თქმით, არჩევნების მოახლოებსათან ერთად ზოგიერთ მედიასაშუალებაში სიცრუის ტირაჟირება ხდება, რაც გასაკვირი არ არის.
„არჩევნები ახლოვდება და შეიძლება ბევრი სისულელე მოვისმინოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი გვირაბის პროექტი არ არის განხორციელებული. ეს არის დიდი ტყუილი, ძალიან დიდი სიცრუე. რეალურად განხორციელდა მაგარი პროექტი. გვირაბები და გასაქცევად საქმე ვისაც ჰქონდა, ეს იმათ მოიკითხონ. ჩვენ არანაირად არ გვჭირდება არც გვირაბები და არც გასაქცევად გვაქვს საქმე. არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება და ძალიან დიდი უპირატესობით იმარჯვებს პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“- აცხადებს კახა კალაძე.
დედაქალაქის მერი მადლობას უხდის ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, წავკისის წყლის ხეობაში განხორციელებული პროექტისთვის.
„დღეს კიდევ ერთი ძალიან მაგარი პროექტი მიიღო საჩუქრად მუნიციპალიტეტმა, ეს არის წავკისის წყლის ხეობაში განხორციელებული სამუშაოები, სადაც კეთილმოეწყო დაახლოებით 3 კილომეტრი სიგრძის სასეირნო ბიკილიკი. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ელექტროსკუტერით, ველოსიპედით ან ფეხით გაისეირნონ ამ ულამაზეს ხეობაში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ფონდ „ქართუს“, მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მაგარი პროექტისთვის, რომელიც ბოტანიკურ ბაღს გადაეცა საჩუქრად. მახსოვს, პირველად რომ ვნახე ეს ტერიტორია, იყო გაუბედურებული, ფიზიკურად გავლა ვერ ხერხდებოდა, რადგან სამშენებლო ნაგვით, საბურავებით გადაჭედილი იყო. დღეს გვაქვს მოწესრიგებული, ძალიან მაგარი სივრცე და ამ ყველაფრის ფონზე ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს რაღაც გვირაბის პროექტი განხორციელდა“ – განაცხადა კახა კალაძემ.