საქართველო თავდაცვის გასაძლიერებლად აშშ-სგან $35 მილიონს მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა წერილობითი კომენტარი ამერიკის ხმასთან გააკეთა.
“საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა”. – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, უცხოური სამხედრო დაფინანსებისთვის (FMF) გამოყოფილი $713 მილიონიდან $322 მილიონი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. FMF-ის თანხებიდან არის გამოყოფილი საქართველოსთვის განკუთვნილი $35 მილიონიც.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, დეპარტამენტმა კონგრესს ამ თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა 24 აპრილს გაუგზავნა.