სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, სამშობლოსმცოდნეობის გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით.
ომბუდსმენის განცხადებით, საჯაროდ ხელმისაწვდომი გაკვეთილის რამდენიმე ჩანაწერის გაანალიზების შემდეგ ცხადი გახდა, რომ გაკვეთილებს კონფესიური ხასიათი აქვს და აგებულია მართლმადიდებლურ რელიგიაზე.
“საჯარო სკოლის პედაგოგების მონაწილეობა მსგავსი რელიგიური შინაარსის გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეთა მობილიზებაში, ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გაკვეთილების შინაარსი დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით. მათი მიმდინარეობისას ხდება სქესის, ეროვნული წარმომავლობისა და სხვა ნიშნებით სტერეოტიპული შეხედულებების ტირაჟირება. ასეთი ინფორმაციის წინაშე არასრულწლოვნები განსაკუთრებით დაუცველები არიან. აღნიშნულმა სწავლებებმა შესაძლოა მათ ჩამოუყალიბოს წინასწარი განწყობები, მაგალითად ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებით და შედეგად, შეუქმნას არასწორი წარმოდგენა გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ. დამსწრეთა რიცხვის გათვალისწინებით, რეალურად ეს გაკვეთილები ხელს უწყობს ამ თაობაში დისკრიმინაციული აზროვნების ჩამოყალიბებას”, — წერია განცხადებაში.
ახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის სამშობლოს მცოდნეობის გაკვეთილების ორგანიზებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე საჯარო სკოლების შესაძლო ჩართულობის საკითხი და შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები.
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენელი, ლექსო გელაშვილი 10 წლამდე ბავშვებს უხსნის, რომ “გიორგის გიო არ დავუძახოთ, მარის ჯობია მარიამი დავარქვათ, ნიკას კი ნიკოლოზი, რადგან წმინდანის სახელის სრულად არ დაძახება თურმე ბავშვს მადლს აკლებს”.
გელაშვილი, პარალელურად, სტუდია გუთნის დამფუძნებელია და საქართველოს სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეებს “სამშობლოსმცოდნეობის” გაკვეთილებს უტარებს. გელაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ 10 წლამდე ბავშვებისთვის რელიგიაზე, სამშობლოსა და სხვა საკითხებზე გაკვეთილები საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების დახმარებით მიმდინარეობს. მოსწავლეებთან გაკვეთილების ორგანიზებაში კი, მისივე თქმით, სკოლის მასწავლებლები ეხმარებიან.