რას წერდა მურავიოვ-კარსკი თავის დღიურში გურიის დედოფალ სოფიოს შესახებ

ინფანტერიის გენერალი ნიკოლაი მურავიოვ-კარსკი თავის 1828 წლის დღიურში აკეთებს ჩანაწერს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის მეუღლის დედოფალ სოფიოსა და ტახტის მემკვიდრის დავით გურიელის შესახებ, რაც მთავარია სხვებისაგან განსხვავებულად ხსნის რუსების მხრიდან გურიელების ტახტის გაუქმებისა და დედოფალი სოფიოს დევნილობის წინაპირობებს, კერძოდ მურავიოვი საუბრობს 1827-1831 წლებში კავკასიის მეფის ნაცვლის ივან პასკევიჩის დამოკიდებულებაზე გურიის დედოფალ სოფიოსადმი. მურავიოვის ჩანაწერის საყურადღებოა იმ მხრივ, რომ იგი ჩანაწერის გაკეთების დროს კავკასიის გრენადერთა ბრიგადის მეთაური იყო შემდეგში კი კავკასიის მეფის ნაცვალიც გახლდათ (1854-1856) და ზოგადად კარგად ინფორმირებული უნდა ყოფილიყო მიმდინარე მოვლენების შესახებ.
.
ნიკოლაი მურავიოვ-კარსკის დღიურიდან – „ამბობენ, რომ პასკევიჩი გარკვეულწილად შეპყრობილი იყო დედოფალ სოფიოსთან მსუბუქი ურთიერთობის გაბმის იმედით. რომელიც იმ დროს მართავდა თურქეთის მოსაზღვრე გურიას, ეს ქალი ახალგაზრდა და ლამაზი გახლდათ, ამასთანავე თავისი მხარის ხალხში ცნობილი იყო თავისი გავლენებითა და ბრძოლისუნარიანობით. იგი რუსებისადმი არაკეთლგანწყობილობის გამო გაიქცა ტრაპიზონში თავის არასრუწლოვან ვაჟიშვილთან ერთად, რის შემდეგაც ამ გვარმა დაკარგა გურიის მფლობელობის უფლება.”
.
დევნილობაში მყოფი დედოფალი სოფიო გარდაიცვალა ტრაპიზონთან ახლოს უნიაში – “გულითადის მტანჯველობის დროს ეწია მას უნიაში სნეულება და აღესრულდა იქ 7-ს სექტემბერს 1829 წელსა ვერ შემსრულებელი ვერცა ერთისა განზრახვისა თვისისა.” (დ. ჩლოყაშვილისეული ხელნაწერი 1840 წელი)
.
1832 წელს სოფიო გურიელის შვილები და მათი თანხმლები ამალა დაბრუნდა გურიაში – “უბედური ობლები მივიდნენ ტრაპიზონის საფაშოს და დადგნენ პატარა ქალაქს პლატანაში, საიდანაც არის ტრაპეზონამდე ორი საათის სავალი. რავდენსამე ხანს უკან ოსმან-ფაშას მოუვიდა ბრძანება, რომ ნება მისცეს მათ სარუსოს ქვეყანაში განსვლისა. იქაურმა ბალიოზმა გერსიმ ჩასვა ანგლიის სირენა გემში დავითი, უბედური და მისი და ყოველნი თან მხლენი იმათი, რომელთა შორის იყვნენ: 7 თავადი, 16 აზნაური, 1 არხიმანდრიტი, 1 მღვდელი, 40 მსახური კაცი, 1 თავადის ქალი, 3 აზნაურის ქალი და 4 მოახლე და ყოველნი ესენი გააგზავნა შემოქმედის ციხეში და მივიდნენ იქა 1832 წელსა 15 ენკენისთვისა.” (დ. ჩლოყაშვილისეული ხელნაწერი 1840 წელი)
.
ფოტოზე – უნია, სოფიო გურიელის საფლავი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მონუმენტი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share