საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმების მიერ მომზადებული დასკვნა შემაშფოთებელია.
მისი თქმით, იანვრის შემდეგ კონსილიუმის რეკომენდაციების ნაწილი შესრულდა, თუმცა ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფსიქო-ფიზიკურ რეაბილიტაციას უკავშირდება, არ იქნა შესრულებული, რამაც მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.
“ის ინფორმაცია, რაც მე მივიღე ექიმებისგან არის ნამდვილად შემაშფოთებელი. ჩემთვისაც იყო მოულოდნელი ის სიმძიმე, რაზეც ექიმები საუბრობდნენ. ფაქტია, რომ ჩვენ რამდენიმე თვე, ანუ იანვრის შემდგომ დავაკვირდით ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულდებოდა თუ არა პენიტენციური დაწესებულების მხრიდან. ცალკეული რეკომენდაციები ნამდვილად შესრულდა, როდესაც ის გაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჩაუტარეს სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები, თუმცა ძირითადი რეკომენდაციები მის ფსიქო-ფიზიკურ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ვერ და არ შესრულდა. ამის გამო, როგორც ხედავთ, სიტუაცია არის დამძიმებული. როგორც ჩანს, ამან დააყენა ის მძიმე ვითარება, რაც დღეს გვაქვს.
დასკვნიდან ექსპერტების მთავარი რეკომენდაციაა, რომ: “მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება ანალოგიურ პირობებში დასახელებული რეკომენდაციების შეუსრულებლად იქნება არაეფექტიანი, მომავალში კვლავ ვერ გამოიღებს შედეგს და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის ზემოაღნიშნული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც შესაძლოა, შეუქცევადი შედეგი გამოიწვიოს”. ეს არის დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასება და პროგნოზი”, – თქვა ომბუდსმენმა.
ლომჯარიამ კიდევ ერთხელ გასცა რეკომენდაცია, სახელმწიფომ შეასრულოს ვალდებულება და პაციენტს ადეკვატური მკურნალობა მიაწოდოს.
“შემიძლია ვთქვა ის, რომ ნამდვილად, თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ჩვენ ვხედავთ, რომ არ შესრულდა გარკვეული რეკომენდაციები მის მკურნალობასთან დაკავშირებით, დინამიკაში ძალიან დამძიმდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არის ძალიან მძიმე პროგნოზი იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლება გარემო, თუ არ შეიცვლება სამედიცინო მომსახურების ფორმები, სტრატეგია და ასე შემდეგ. ჩემი რეკომენდაცია იქნება, სახელმწიფომ შეასრულოს თავისი ვალდებულება და მიაწოდოს პაციენტს ადეკვატური მკურნალობა, რაც მას დღეს სჭირდება”, – თქვა სახალხო დამცველმა.