საქართველო ვერ დაუწესებს რუსეთს ინდივიდუალურ სანქციებს, რადგან ქვეყნის ხორბლის იმპორტის დიდი ნაწილი და ხილის ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთზე მოდის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ქვეყნის მთავარსარდალმა თქვა, რომ კიევის გადაწყვეტილება, გაეწვია საქართველოდან ელჩი, ქართული ოპოზიციური პარტიების უკრაინის ლიდერებთან გარკვეული კავშირების ბრალია, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს უკრაინაში თავისი მეგობრული კავშირების გამოყენებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად.
“სააკაშვილის შეწყალება ქართულ საზოგადოებაში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი მისი მომხრეა, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, უფრო დიდი ნაწილი მის შეწყალებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამიტომ საზოგადოების ერთიანობის ინტერესიდან გამომდინარე, მის შეწყალებას არ ვაპირებ…
სააკაშვილი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს. ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა არანაირად არ მეტყველებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე, რადგან მაგალითად, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, სარკოზი შინაპატიმრობაში იყო”,- ამბობს ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია უკუსვლას არ განიცდის, ეს გადაჭარბებული შეფასებაა, რადგან საქართველოში მედია ძალიან თავისუფალია. პრობლემებია სასამართლოს რეფორმების სისტემასთან დაკავშირებით მხოლოდ იმ მხრივ, რომ რეფორმების ტემპი არასაკმარისია.
“საქართველო სწორი მიმართულებით მიდის”,– ასრულებს ინტერვიუს სალომე ზურაბიშვილი.