“არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია”. – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Foreign Policy-სთან ინტერვიუში ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
“მე შევწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. იმ დროს, შარშან, ვფიქრობდი, რომ ეს შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს შეუწყობდა ხელს. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ – სააკაშვილის შეწყალება საქართველოში მუდმივი პოლარიზაციის საკითხი იქნება, რადგან არის ქვეყნის, შესაძლოა, ნახევარი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და, ალბათ, უმრავლესობა, რომელიც ნებისმიერი სახით შეწყალების წინააღმდეგია.
სხვა საკითხია, რომ თუ მას ნამდვილად დაუსვეს სერიოზული დაავადების დიაგნოზი, ვფიქრობ, რომ ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად”. – ამბობს ზურაბიშვილი.
ჟურნალისტის კითხვას კი, შეშფოთებულია თუ არა გზავნილით, რომელიც მსოფლიოს სააკაშვილის დაპატიმრებით ეგზავნება, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ექსპრეზიდენტის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი არ ჰგონია.
“სარკოზის სასჯელი მიუსაჯეს და შინაპატიმრობაშია. არის მრავალი სხვა, ბერლუსკონის ჩათვლით. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის დემოკრატიის რაიმე სახის საზომი. არ მგონია, რომ თუ გავითვალისწინებთ ძალიან სერიოზულ საკითხებს დღეს საქართველოსა და მის ირგვლივ, არ ვფიქრობ, რომ ეს რეალურად ძალიან სერიოზული საკითხია”. – თქვა მან.
სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მისი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ხელისუფლებას დროს ორშაბათამდე, 2 მაისამდე აძლევს.