2022 წლის 29 აპრილს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის განმახორციელებელმა კომპანიამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურის, ბახვი 1 ჰესის პროექტის გზშ-ს განხილვის ფარგლებში, დოკუმენტაციის დამატებითი პაკეტი მიაწოდა.
ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის სპეციალისტების მიერ შექმნილი დოკუმენტაციის პაკეტი მოიცავს ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვის ფარგლებში გაუჩნდათ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სამინისტროს ექსპერტებს. გზშ-ს დოკუმენტი, რომელიც 600-მდე გვერდს მოიცავს, ასევე დოკუმენტაციის პაკეტში არსებული არაერთი დანართი, რიგ შემთხვევაში დაზუსტებებს საჭიროებდა.
გზშ-ს ანგარიშის განხილვის პროცესი, მისი ჩაბარებიდან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე, ითვალისწინებს კითხვა პასუხის რეჟიმს, რაც თითოეულ დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს შესაძლებლობას ღიად გააჟღეროს მისთვის საინტერესო თემა, მოითხოვოს და მიიღოს მეტი ინფორმაცია პროექტის განმახორციელებელი კომპანიისგან. ეს გზშ-ს განხილვის პროცესში მიღებული პრაქტიკაა, შესაბამისად გამონაკლისს არც ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგური წარმოადგენს. კომპანიის სპეციალისტებმა ამჯერადაც, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამინისტროს, იმისათვის რათა დროულად მოხდეს როგორც მიწოდებული ინფორმაციის განხილვა, ასევე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა.
გზშ-ს დოკუმენტი, შესაბამისი დანართებით, შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მიერ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამინისტროში წარდგენილი იყო 2021 წლის 20 დეკემბერს, სამინისტროს ვებ – გვერდზე გასაჯაროების თარიღი კი, 2022 წლის 23 დეკემბერია. არსებული კანონმდებლობასთან შესაბამისობაში გზშ-ს ოთხი საჯარო განხილვა ჩატარდა 2022 წლის 10 და 11 თებერვალს ოზურგეთსა და ჩოხატაურში, ასევე მთისპირის და ჩხაკაურას თემებში.