მადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს – ლუკაშენკო

„მადლობა ღმერთს, დიქტატურა გვაქვს“ – განაცხადა დღეს ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ. მისი თქმით, ბელარუსში ხალხი კარგად ცხოვრობს, მაშინ, როცა მის მოსაზღვრე დასავლეთის ქვეყნებში მოსახლეობას მარილი არ აქვს.

„დიად, მდიდარ დასავლეთში მარილი არ აქვთ და ხალხმა რომ არ ილაპარაკოს, ბელარუსში როგორ ცხოვრობენ ნორმალურად, მათ უბრალოდ არ უშვებენ ჩვენთან. აი, ესაა დემოკრატია.

მადლობა ღმერთს, დიქტატურა გვაქვს. ყველა მაკრიტიკებდით – „დიქტატურა, დიქტატურა“. მაგრამ ამ დიქტატურის ქვეშ წესრიგია. არ იქნებოდა დიქტატურა – ივლიდნენ შიშვლები“, – განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 2020 წელს ხელისუფლებაში დარჩენა მასობრივი გამოსვლების დაშლისა და რეპრესიების მეშვეობით მოახერხა. ათასობით ადამიანი აპროტესტებდა არჩევნების შედეგს, თითქოსდა ლუკაშენკამ გაიმარჯვა და ამბობდნენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა არჩევნები გააყალბა.

აქციების დაშლის პარალელურად ბელარუსის ძალოვანმა სტრუქტურებმა დაიწყეს აქტივისტების დაკავება. მიჩნეულია, რომ ბელარუსს ამჟამად 1000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. 2020 წელს ქვეყნიდან გაიქცა ლუკაშენკას მთავარი ოპონენტი სვიატლანა ციხანოუსკაია.

ასევე, ბოლო წლებში კიდევ უფრო გაიზარდა ბელარუსზე რუსეთის გავლენა. რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანა უკრაინაში შეჭრისთვის პლაცდარმადაც გამოიყენა. გუშინ კი ლუკაშენკამ განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი ისეთ საკავშირო სახელმწიფოს ააშენებენ, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებსაც მოუნდებათ მასში მონაწილეობა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share