“ადამიანს ტვინი კარნახობს,რომ ის საკუთარი ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს” – რას ამბობს ბუბა კიკაბიძე თინა კანდელაკზე

ცნობილმა ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ მოსკოვში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტის თინა კანდელაკის პოზიცია შეაფასა. მომღერალმა მისი აზრი გადაცემაში “Ходят слухи” დააფიქსირა.

ჟურნალისტან საუბრისას კიკაბიძემ აღნიშნა, რომ ადამიანს მოქალაქეობრივ პოზიციას ტვინი კარნახობს.

როგორც თავად ამბობს, მისთვის საქართველო და თბილისი ყველა ღირებულებაზე მაღლა დგას. აღსანიშნავია, რომ ბუბა კიკაბიძის შემოქმედებას საქართველოს ფარგლებს გარეთაც დიდი აუდიტორია უსმენს, მათ შორის რუსეთში. სწორედ ამიტომ, როცა მომღერალმა რუსეთის უკრაინასი შეჭრა გააკრიტიკა, რუსეთში ის მიუღებელ არტისტთა სიაში მოხვდა. ამ ფაქტმა კი თავად კიკაბიძე გააოცა, რადგან ის არ არის აგრესორი ქვეყნის მოქალაქე.

„ჩემი მეუღლე ყოველთვის მეუბნებოდა: შენთვის პირველ ადგილზე შენი სამშობლოა, მეორეზე მეგობრები, მესამე ადგილზე კი შენი ოჯახიო“, მაგრამ მე ასე დედაჩემმა აღმზარდა. ცოტა ხნის წინ ერთი ვიდეო მანახეს: „სამშობლოს გამყიდველები“. ამ ვიდეოში მაკარევიჩია, მელაძე, სხვა ჩემი კოლეგებიც და შუაში მეც ვარ, მიკროფონით ხელში ვიღიმი. მაგრამ მე ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ, რა შუაში იყო აქ კიკაბიძე? მესმის, რომ იქ ბევრს ვუყვარვარ… მათ ჩათვალეს, რახან ჩვენთან მღერის, ჩვენიანიაო“, – აღნიშნა ინტერვიუში მუსიკოსმა.

სხვაგვარად იქცევა საქართველოში დაბადებული ჟურნალისტი თინა კანდელაკი, ის ღიად უჭერს მხარს პუტინისა და კრემლის პოლიტიკას და ამბობს: „მე არ მრცხვენია, რომ რუსი ვარ“. როგორც კიკაბიძე აღნიშნავს, ეს დაბალი ინტელექტის ბრალია.

„ჩემთვის ეს არ იყო მოულოდნელი. საქმე იმაშია, რომ ადამიანს ყველა საქციელს ტვინი კარნახობს. ტვინი კარნახობს იმასაც, რომ ის საკუთარი ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს“, – აღნიშნა ვახტანგ კიკაბიძემ ინტერვიუში.

ინტერვიუში კიკაბიძემ უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინმა ამ ქმედებით საკუთარი ქვეყანა დაღუპა:

“პუტინს ავადმყოფობა აქვს, რომ გახდეს მმართველი, მეფე… საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, მაგრამ ეს არასდროს მოხდება. მან საკუთარი ქვეყანა დაღუპა. უკრაინას აღადგენენ, მაგრამ ეს ცოდვები უკვე ძალიან ბევრს აწევს ტვირთად”, – განაცხადა კიკაბიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share