საერთაშორისო სანქციები ივანიშვილის მიმართაც უნდა დაწესდეს – ფოტიგა ჩანაწერებზე

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც უნდა დაეწესდეს.

ფოტიგა ფორმულას გადაცემა დროებასთან აცხადებს, რომ ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის ჩანაწერები “პუტინის რეჟიმთან ივანიშვილის კავშირებზე” მიუთითებს.

“ერთი ოლიგარქის მსგავსი გავლენა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა, ჩემთვის უკიდურესად რთული გასაგებია. ჩემი პოლიტიკური და ეკონომიკური ცოდნა აჩვენებს, რომ ეს გავლენა უკიდურესად საზიანოა. რა თქმა უნდა, ვიცით ასეთი გავლენების და მათი ეფექტის მაგალითები. მოლდოვის შემთხვევის აღმოფხვრის შემდეგ ვნახეთ, რომ პლახოტნიუკის როლი და პოზიცია მსგავსი იყო და ძალიან აუარესებდა ქვეყნის ფუნქციას და პოზიციონირებას. მონოპოლიური ოლიგარქიის აღმოფხვრა იყო საფუძველი პლურალიზმის განვითარებისთვის. ვფიქრობ, იგივე პრობლემა უნდა გადაწყდეს საქართველოშიც.

მე წარვადგინე თხოვნა ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის მიმართ, რაც მიუთითებს მსგავს პრობლემატიკაზე, რაზეც მსგავსად ფიქრობს უკრაინული ელიტის ნაწილიც, რომ საერთაშორისო სანქციები ივანიშვილის მიმართაც უნდა დაწესდეს და ეს ჩანაწერი მარტივად ამხელს ამ პრობლემებს და მიუთითებს ივანიშვილის კავშირებზე პუტინის რეჟიმთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩემს სრულ სურათს წარმოაჩენს ივანიშვილის როლის შესახებ, მე არ ვაკეთებ აქცენტს მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაზე. ვფიქრობ, რომ ამ ქეისის გარდა შემთხვევები ბევრია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კი, ეს შემთხვევა ზუსტად აჩვენებს, თუ რამდენადაა ივანიშვილი ჩართული კრემლის რეჟიმის ოპერაციებში”, – თქვა ფოტიგამ.

25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები – მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ჩანაწერში ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, “მაგრამ უნდა გავმაგრდეთ”. ამაზე პასუხად ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და “დავითი ჩამოიტანს”.

ფორმულასთან ექსკლუზიური ინტერვიუში ვლადიმერ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცეპრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

თვითონ ხიდაშელი კი ამბობს, რომ ალი უზდენოვს ბიზნეს სექტორთან ერთად ხორბლის შემოტანის საკითხზე შეხვდა. იგი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან “არანაირი შეხვედრა არ გამართულა”.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა ბიზნესშეთავაზებით მიმართა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხიდაშელს ვერ შეხვდა და ბიზნესსექტორთან გადაამისამართა.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share