მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ქარხნიდან 100-მდე ადამიანის ევაკუაციის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ქარხნის დაბომბვა განაახლეს,- ამის შესახებ მარიუპოლში მებრძოლი მე-12 ბრიგადის მეთაურმა, დენის შლეგამ უკრაინულ ტელევიზიასთან ისაუბრა.
„ოკუპანტებმა კვლავ გახსნეს ცეცხლი „აზოვსტალის“ წინააღმდეგ, როგორც კი ევაკუაცია დასრულდა“, – აღნიშნა დენის შლეგამ.
მისი თქმით, რუსული ძალები იყენებდნენ “ყველა სახის იარაღს”.
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლის დამცველებთან ერთად „აზოვსტალში“ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.
„სიტუაცია გახდა ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფის ნიშანი, რადგან ადამიანებს წყალი, საკვები და მედიკამენტები ეწურებათ”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.