ულტიმატუმის ვადა იწურება – მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლების პასუხის მოლოდინშია. დღეს, საღამოს 6 საათამდე, უნდა გაირკვეს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება. ოჯახი მესამე პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებას და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
“სასამართლოზე მიშა ვეღარ გამოცხადდა, რაც მეტყველებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია. როგორც განვაცხადეთ 6 საათამდე დრო, ჯერ კიდევ გვჯერა ჰუმანურობის ჟესტის. საქმე გვაქვს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა ადამიანების ჰუმანურობის, განსაკუთრებით საუბარია ეკლესიაზე, ასევე ვგეგმავთ შეხვედრას ყველა იმ ადამიანთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტის ოჯახს აქვს მოთხოვნა, რომ შეხვდნენ პატრიარქს და პატრიარქი დაეხმაროს ოჯახს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში.
“ეს არის შურისძიება, დაველოდოთ 6 საათს, მაინც იმედი მაქვს გონიერების. რას ვითხოვთ ოჯახი? რომ გადარჩეს მიშა სააკაშვილი! ეს არის ყველა ადამიანის უფლება, რომ იცოცხლოს. იმედი მაქვს, ხელისუფლება შემოვა მდგომარეობაში და გადავიყვანთ სამკურნალოდ, რაც ესაჭიროება ძალიან. გვაქვს კომუნიკაცია საპატრიარქოსთან. იმედი გვაქვს, პატრიარქი გამონახავს დროს, შევხვდებით, დაველაპარაკებით და იმედი გვაქვს, რომ დაგვიდგება გვერდზე, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება”,- ამბობს გიორგი სააკაშვილი.
ცნობისთვის, თუ ხელისუფლება წინადადებას უგულებელყოფს, მიხეილ სააკაშვილის ნათესავები მხარდამჭერებთან ერთად, აქციებს დაიწყებენ, პროტესტი გრძელვადიანი იქნება.