ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში ჯერ ისევ რჩებიან ქალები და ბავშვები, ასევე ქალაქის მცველები, რომლებიც მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ. ოპერატიული დანიშნულების 12-ე ბრიგადამ უკრაინის ხელისუფლებისადმი და მსოფლიო საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ითხოვს, აზოვსტალიდან, ალყაში მოქცეული სამხედროების გაყვანა უზრუნველყოს.
“ჩვენს ძმებთან ერთად აზოვსტალის ბლოკირებულ ქარხანაში ვიმყოფებით. 76 დღეა ალყაში ვართ ავია იერიშების, საარტილერიო თავდასხმების პირობებში, დენის, წყლისა და საკვების გარეშე. დაქანცული და დაჭრილი სამხედროები მტრისგან შეცოდებას არ ელიან, არამედ პოულობენ საშუალებას მოწინააღმდეგეს დაუნდობელი ზიანი მიაყენონ. შექმნილ ვითარებაში ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და საერთაშორისო საზოგადოებას ყველა ღონე იხმარონ სამოქალაქო პირების, დაჭრილებისა და მოკლულთა ცხედრების ევაკუაციისთვის. პასუხს ვაგებ რა სამხედროების სიცოცხლეზე, მოგიწოდებთ მოხდეს მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაცია”, – ამბობენ მებრძოლები მიმართვაში.
გუშინ აზოვსტალიდან მეორედ განხორციელდა ევაკუაცია, ამავე დღეს რუსეთმა შეტევა განაახლა ქარხანაზე. აზოვის პოლკის ინფორმაციით, ქარხნის დაბომბვისას 5 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.