“ათასჯერ მოიტყუეს…ექიმების ნათქვამი ათასჯერ ვნახეთ წინა იგივე დრამატურგიაში…”-დავითულიანი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა დავითულიანი ექიმებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნები მოამზადეს, ტყუილში ადანაშაულებს.

დავითულიანი ირწმუნება, რომ თუ მესამე პრეზიდენტს რაიმე ტიპის სამედიცინო სერვისი დასჭირდება, “ეს სერვისი აღმოჩენილი იქნება”.

“პენიტენციური სისტემა არის პასუხისმგებელი პატიმრის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. გიდასტურებთ, რომ თუ რაიმე ტიპის სამედიცინო სერვისი დასჭირდება პატიმარს, ეს სერვისი აღმოჩენილი ექნება. ექიმების ნათქვამი ჩვენ ვნახეთ ათასჯერ წინა იგივე დრამატურგიაში და ვნახეთ, რომ ათასჯერ მოიტყუეს ბევრმა მათგანმა. ეს არის დიდ სურათში ერთი დიდი კამპანია, რომლის მიზანიც არის მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა იმისთვის, რომ გაიქცეს”, – თქვა დავითულიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება აღარ შეუძლია და საკვებსაც ვეღარ იღებს. ის იმდენად დამძიმდა, რომ ანალიზები ზუსტი კვლევისთვის გერმანიაშია გადაგზავნილი.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები და თანაგუნდელები ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან სახალხო დამცველის კონსილიუმის უმძიმესი დასკვნის და მედიკოსების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება მესამე პრეზიდენტისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ისევ უარს ამბობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share