რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ომის დასრულება უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლისა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შედეგად იქნება შესაძლებელი.
მაკრონმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთან ერთად, ლიდერებმა მარიუპოლში ევაკუაციის აუცილებლობა განიხილეს.
ამასთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 3 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა უკრაინის სურსათის ექსპორტზე რუსული ემბარგო მოიხსნას. პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მაკრონმა პუტინს უთხრა, რომ დონბასსა და მარიუპოლში არსებული სიტუაციით შეშფოთებულია. ასევე, მან მოუწოდა რუსეთს, განაგრძოს ბოლო დღეებში დაწყებული აზოვსტალის ქარხნის ევაკუაცია და ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.
“მე რუსეთს, როგორც გაეროს უშიშროების წევრ ქვეყნის, თავისი საერთაშორისო პასუხისმგებლობის შესრულებისა და უკრაინაში ამ დამანგრეველი თავდასხმის დასრულებისკენ მოვუწოდე”. – თქვა მაკრონმა.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.