ევროპა ჩვენს ნავთობს მესამე ქვეყნების დახმარებით, უფრო ძვირად იყიდის – რუსი პოლიტიკოსი

ევროპა გააგრძელებს რუსული ნავთობის შესყიდვას მესამე ქვეყნების მეშვეობით, როგორც კი ევროკავშირის ქვეყნები ემბარგოს შემოიღებენ – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

ვლადიმერ ჯაბაროვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ევროპის ლიდერები “ცოტათი გაგიჟდნენ”.

“მეჩვენება, რომ ცოტათი გაგიჟდნენ. ამბობენ, რომ ჩვენგან ნავთობს არ იყიდიან, კარგით, ნუ იყიდით, ჩვენ არ გიბიძგებთ. მას მაინც იყიდით, მხოლოდ მესამე ქვეყნების გავლით. ჩვენი ნავთობი იგივე იქნება, მხოლოდ უფრო ძვირი”, – თქვა მან.

მისივე თქმით, თუ რუსეთის გასაღიზიანებლად ევროკავშირი მზად არის გაიღოს ასეთი ხარჯები, “დროშა მათ ხელშია”.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს სანქციების მე-6 პაკეტზე ისაუბრა, რომელსაც უახლოეს პერიოდში დაამტკიცებენ. სანქციები მოიცავს ეტაპობრივ ემბარგოს რუსულ ნავთობზე, სანქციების დაწესებას რუს სამხედროებზე, უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის SWIFT-დან გათიშვას, 3 მედიას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share