„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების ნაწილში მმართველი გუნდის პოზიცია მკაფიოა და ამის მიზეზები დასავლელმა პარტნიორებმაც იციან:
„როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ჩვენც წარვადგინეთ, მოლდოვამაც, უკრაინამაც და სამივე ქვეყანა რუსეთის ფედერაციასთან გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, მათ შორის, უკრაინაც.
რაც შეეხება სანქციებს – სანქციებს არ უერთდება საქართველო, არც მოლდოვა, თუმცა ეს ცნობილია ევროკავშირისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ამის მიზეზებიც არის მათთვის ცნობილი. ანუ სანქციებზე ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ცხადი და არის საჯარო და გაცხადებული. შესაბამისად, ეს პოზიცია ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ნარჩუნდება.
არგუმენტი არის ორი: ერთი არის უსაფრთხოება. ჩვენ არ გვინდა დამატებითი საბაბი შევქმნათ, იმისათვის რაც ასე სურს ოპოზიციას, ეს არის საქართველოს ომში ჩართვა. ანუ, უსაფრთხოება არის ერთი არგუმენტი და მეორე არის ეკონომიკური არგუმენტები. არსებობს სავაჭრო ურთიერთობები და ამ სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტას ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე ზიანის მოტანა შეუძლია. რუსეთს ჩვენ ვერანაირ ზიანს ვერ მოვუტანთ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან საზიანო იქნება ნებისმიერი ასეთი ცვლილება. არსებობს ენერგეტიკის სფერო, სადაც არის, როგორც გაზის ასევე, ელექტროენერგიის ნაწილში კონკრეტული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების შეწყვეტა ასევე ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.
ასევე, არის ასი ათასობით ადამიანი, რომელიც ცხოვრობს, როგორც რუსეთში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ეს საკითხი უნდა მივიღოთ მხედველობაში, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის ნაწილი. ჩვენ ვერ დავშლით და ვერ დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას იმ სანქციებით, რომლითაც ჩვენ რუსეთის ფედერაციას ვერანაირად დავშლით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.