ოპოზიციის გარკვეული ნაწილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნასა და მისი მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ვერ ივარგა“ და სააკაშვილის გათავისუფლების პროცესი სისრულეში ამ დრომდე ამიტომ ვერ მივიდა.
„პრაიმტაიმთან “ პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ნიკა მელიამ საკუთარი პარტიის გარეთ გამოყვანისა და ქუჩაში ხალხის მობილიზების ნაცვლად, პროცესი მიაძინა.
„ნიკანორ მელიამ, როგორც თავმჯდომარემ, ვერ ივარგა. მელიას სტრატეგია არ იყო სწორი. ის უნდა მიმხვდარიყო, რომ უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევა გაეთვალისწინებინა. ნიკანორ მელიას პასუხისმგებლობა იყო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი პარტიის გარეთ გამოყვანა და ქუჩაში ხალხის მობილიზება, მან კი პროცესი მიაძინა“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
კითხვაზე, თუ მისი ციხიდან დახსნა არ შეეძლოთ, რატომ ჩამოიყვანეს „ნაცმოძრაობის“ წევრებმა სააკაშვილი საქართველოში? – ჩარკვიანი გვპასუხობს:
„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საკუთარმა გადაწყვეტილებამ ჩამოიყვანა. დიდი შეურაცხყოფაა თქვათ, რომ ის აქ საკუთარი პარტიის წევრებმა ჩამოიყვანეს. სააკაშვილი რა გადაწყვეტილებასაც იღებს, იმას აკეთებს, ამ ტიპის პოლიტიკოსია. მას ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული, რასაც აკეთებდა“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძეც აცხადებს, რომ „მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიყვანა“.